ახმეტა მზის შუქზე
სამი მდინარის შესართავთან, იქ სადაც ალაზანი, ილტო და ორვილი მოედინება, დგას ამაყად დიდი ისტორიით დახუნძლული პატარა ქალაქი ახმეტა. ის გამორჩეული რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრია. ძველად ამ მხარეებს მთისწინეთს ეძახდნენ, დღეს კი ახმეტის მუნიციპალიტეტი ჰქვია და ქვეყნის აღმოსავლეთით, კახეთის მხარეშია გადაჭიმული. ალაზნის ვაკეებსა და კავკასიონის ქედებს შორის მოქცეული ისტორიული რეგიონი, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე თვითმყოფადი და მრავალფეროვანი მხარეა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი ცოდნისა და მემკვიდრეობის სამზეოზე გამოსატანად ემზადება.

ადგილი, როგორც დალოცვა
ახმეტის მიწები გეომორფოლოგიურად კონტრასტების, ბუნების ფერთა და მასალათა უკიდეგანო პალიტრაა. რეგიონის ოროგრაფიული სპექტრი სამხრეთით, ალაზნის ვაკეზე იწყება და აღწევს თუშეთ-ხევსურეთის და კახეთის კავკასიონის დათოვლილ მწვერვალებამდე. მათი განშტოებები, ქედები და ხეობები, იქნება ეს პირიქითის, აწუნთის, გომბორის ქედი, თუ პანკისის ხეობა და თუშეთის ქვაბულები, კიდევ უფრო მრავალ შეფერილობას ანიჭებს ახმეტის გეოგრაფიულ პალიტრას. რეგიონის უმაღლესი მწვერვალებიც და უმდაბლესი ვაკეებიც მთლიანად დაქსელილია მთის სწრაფი მდინარეებით, ტბებითა და შიდა წყლებით. ახმეტა მაინც სამი ალაზნის მიწაა. სამ სხვადასხვა მყინვარზე, სამ სხვადასხვა ქედზე, პირიქითაზე, აწუნთასა და ბორბალოს კალთაზე დაახლოებით 3000 მეტრზე ზღვის დონიდან იბადება სამი მდინარე: პირიქითი ალაზანი, თუშეთის ალაზანი და ალაზანი. ისინი იკვებებიან თოვლის, წვიმის და მიწისქვეშა წყლებით და იწყებენ თავის მოგზაურობას დაღმისკენ. ამ დინებასთან ერთად იქმნება უნიკალური, ხელუხლებელი ხეობების, რელიეფის, კლიმატის, ფლორისა და ფაუნის ერთიანობა, რომელიც საბოლოო ფორმას იძენს და დგინდება, როგორც სამი სახელემწიფო ნაკრძალი – ბაწარის, ბაბანეურის და თუშეთისა. ახმეტა საქართველოში ერთადერთი და პირველი ადმინისტრაციული ერთეულია, სადაც ერთობლივად სამი განსხვავებული ტიპის ნაკრძალია თავმოყრილი. შესაბამისად ახმეტის 2207,6 კმ² მიწა, თავის ნაკრძალებით, მყინვარებით, ვაკეებით, ალპიური მდელოებით, მდინარეებით, უნიკალური ფლორითა და ფაუნით, ცოცხალი, მსუნთქავი ორგანიზმია, რომელსაც თავის როლი და სათქმელი აქვს სამყაროში.
ადამიანი ხელითუქმნელ მიწაზე
ახმეტის ტერიტორიებზე ადამიანის ცხოვრების კვალი ჯერ კიდევ ქვის ხანიდან იწყება. ამას მოწმობს რეგიონში ამოტივტივებული არქეოლოგიური მასალა, განსაკუთრებით მრავლისმთხრობელია ადრე და შუა ბრინჯაოს ხანის ცნობილი „ილტოს“ ნამოსახლარი და სამაროვანი. ახმეტის რაიონის მდიდარი არტეფაქტული მასალა მოწმობს ერთ უმთავრეს ამბავს: ახმეტის მიწებზე ქვის ხანიდან მოყოლებული დღემდე ადამიანთა ცხოვრების უწყვეტი ციკლი ფიქსირდება. ამ მიწებზე ცხოვრების უწყვეტობის ერთ-ერთი მიზეზი ოდითგანვე გზების საიდუმლოში იყო ჩადებული. უხსოვარი დროიდან, ახმეტის ხეობებსა და მიწებს კვეთდნენ და სერვადნენ სხვადასხვა გზები. გზები – მეკავშირეები – რეგიონების, სოფლების, ქვეყნების. უკვე ახალი წელთაღრიცხვის მე-5-ე, მე-8-ე საუკუნეებში, დღევანდელ ახმეტის ტერიტორიას ორი მძლავრი საერისთავო განაგებდა, პანკისისა და კვეტერის, რომლებიც აკონტროლებდნენ მთელს ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიის სავაჭრო-საქარავნო გზებსა და გადასასვლელებს. აღნიშნული დამაკავშირებელი გზების თუ გეოპოლიტიკური მდებარეობის გამოისობით ახმეტას ყოველთვის ეძლეოდა საშულება, აქტიურად ყოფილიყო ჩართული კავკასიაში მიმდინარე ეკონომიკურ, პოლიტიკურ თუ კულტურულ რიტმში და ზუსტად შეეგრძნო რეგიონის მაჯისცემა.
მრავალხმიანობა
ათასწლეულებ გამოვლილი ისტორიული მოვლენებისა და კულტურული პროცესების შედეგად ახმეტა დღეს, 21 საუკუნეში ერთ-ერთი ყველაზე ავთენტური და ეთნიკური მრავალფეროვნებით გამორჩეული რეგიონია. ახმეტის მუნიციპალიტეტი თავის ადმინისტრაციულ საზღვრებში აერთიანებს, როგორც კახეთის მხარისთვის დამახასიათებელ რელიეფსა და ფესვგამდგარ კულტურასა, ასევე თუშეთის თვითმყოფად არქიტექტურას, ადათწესებსა და მიუწვდომელ მწვერვალებს. მუნიციპალიტეტის საზღვრებში შედის კიდევ ერთი აღმოსაჩენი ძვირფასი ქვა – 34 კილომეტრზე გადაჭიმული ისტორიული ლეგენდა ხეობა – პანკისი. მე-19 საუკუნის 30-50 წლებიდან პანკისის ხეობაში მაისტელმა ქისტებმა დაიწყეს ჩამოსახლება, მათ მიერ ისტორიული სამშობლოდან წამოყოლილი ცხოვრების წესი შეესისხლხორცა ადგილობრივ კულტურას და შეიქმნა უნიკალური თემი, რომელიც ახმეტის მიწების განუყოფელი ნაწილი გახდა. დღეის მონაცემებით, ახმეტის მჭიდრო მიწებზე ძირძველ ადგილობრივ კახ მოსახლეობათან ერთად კომპაქტურად სახლობენ ოსები, ქისტები, ჩეჩნები, ასევე შიდა მიგრაციებით ჩამოსახლებული ფშავები და ხევსურები. რეგიონისთვის დამახასიათებელი კონტრასტები, იქნება ეს ეთნიკური მრავალფეროვნება, მთისა და ბარის განსხვავებული ცხოვრების სტილი, მეურნეობა თუ ტრადიცია, საუკუნეების მანძილზე აკუმულირდებოდა და იბადებოდა, ადამიანთა ხელით შექმნილი უნიკალური ცოცხალი კულტურა. უხსოვარი დროის გზავნილები – პიქტოგრამები, თუ კოშკ-მარანები, და მათ გარშემო აყვავებული მევენახეობა-მეღვინეობის ხელოვნება, ლურჯ მოჭიქული კრამიტით მობრჭყვიალე კვეტერას ეკლესია, ალაზანზე აღმართული უდიადესი ალავერდის მონასტერი, თუ თუშეთის ფერად ფარდაგებში ჩაქსოვილი სიცოცხლის აღქმა, სრულად ირეკლავს საქართველოს უწყვეტ ისტორიას.