ახმეტის მიწები – ბიოლოგიური სიცოცხლის ბიბლიოთეკა
ახმეტის მუნიციპალიტეტის თვითმყოფადი ბუნება, ალაზნის დაბლობიდან კავკასიონის გაყინულ მწვერვალებამდე, თავისი ვაკეებით, ქვაბულებით, ხეობებით, ქედებითა და მყინვარებით მრავალსართულიან ბიბლიოთეკას წააგავს, რომელიც საგულდაგულოდ ინახავს თავის საცავში სამყაროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების უნიკალურ ენდემურ კატალოგსა და ათასწლეულების განმავლობაში დაგროვილ, ბუნების ცოდნას.
ქვესართული – ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალი.
ახმეტის უნიკალურ წიაღში მოგზაურობა კავკასიონის ფესვებთან იწყება, მდინარე ალაზნის ნაპირას, 1950 წელს დაარსებული ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალიდან. ზღვის დონიდან 380-1100 მ-ის ფარგლებში მოქცეული ნაკრძალი სულ რაღაც 834 ჰექტარზეა გაშლილი, თუმცა რთული რელიეფი და მრავაფეროვანი ნიადაგები, მას განსაკუთრებული ჰაბიტატის საცავად აქცევს. ნაკრძალში თავმოყრილია დენდროფლორის 60 სახეობა და მცირე ზომის ძუძუმწოვრების მთელ კოჰორტა. ბაბანეურის საცავში შესვლისთანავე იწყებენ მიწის გულიდან აღმოცენებას კუნელი, კვიდო, ზღმარტლი და ასკილი. გადაირბენენ მათ ფესვებთან კურდღელი, დედოფალა, თეთრყელა კვერნა. ნაკრძალის სიღრმეში დგანან მხარდამხარ ენდემური ქართული მუხა, მინდვრის ნეკერჩხალი, კაკალი (Juglans regia), ჭალის მუხა (Quercus pedunculiflora), ლაფანი (Pterocarya pterocarpa) და ბზა (Buxus colchica). აქა-იქ შეიძლება გამოჩნდნენ მსხვილი ძუძუმწოვრებიც, მგელი და დათვი, რომლებიც მაშინვე ტყის ჯაგრცხილის გვირაბში იკარგებიან. ნაკრძალში მუდმივად მოისმის მდინარეების ხმა ექოდ. მათ ნაპირებთან გადაირბენენ ტყის მუდმივი ბინადრები შველი და მელა და ისინიც ტყის სიღრემში გაუჩინარდებიან. ხოლო ნაკრძალის უმთავრეს საცავში დგას ამ მიწების უძველესი წარმომადგენელი – მესამეული ხანის რელიქტი – რცხილაფოთლიანი კავკასიური ძელქვა (Zelkova carpinifolia). უძველესს ხე პატრიაქრს ბანს აძლევენ მისი თანამოძმეები. შრიალებენ ხმაშეწყობილად მათი წაგრძელებული, ელიფსისებრ ფოთლები და ამგავრი საკომუნიკაციო ენით გადმოსცემენ უხსოვარი დროიდან დღემდე დაგროვილ ბუნებისეულ გამოცდილებას. ბაბანეურის უძველეს ხეთა უნიკალური კორომები აღრიცხულია საქართველოს „წითელ წიგნში“

ურთხელი
მეორე სართული – ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალი.
პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზნის მარჯვენა მხარესა და მდინარე ბაწარის ხეობაში, დაახლეობით სამიათას ჰექტარზე, განთავსებულია ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალი, რომელიც 1935 წელსაა დაარსებული. ეს ხეობა ყველა მხრიდან მთებითაა ჩაკეტილი, თავად ნაკრძალი კი მოქცეულია ზღვის დონიდან 700 მ-დან 2000 მ-მდე ვერტიკალურ პროფილში. მისი რელიეფი იმდენად მთაგორიანია და მთლიანად დასერილი მცირე და დიდი ხევებით, რომ ბევრი ადგილი არათუ ძნელად მისაღწევი, თითქმის მიუვალია. იქნებ სწორედ ამ მიზეზით, ეს მიუვალი ადგილები აირჩია ურთხელის (Taxus baccata) ფესვებმა თავის სამოსახლოდ. როდის და როგორ მოხვდა აქ, მდ. ალაზნის ზემოწელში, ურთხელის (ქართული მეტსახელით კი უთხოვარის) პირველი თესლი, არავინ უწყის, თუმცა ცნობილია, რომ წინარესაუკუნეებიდან, აქ უკვე ბუდობდა რელიქტური ჯიშის – ურთელელის ხელუხლებელი კორომები. ის დედამიწის უძველეს მცენარედ ითვლება, მისი ნემსების მსგავსი ფოთლები და ალისფერი ნაყოფი იმთავითვე იქცა ზღაპრებისა და მითების პერსონაჟად და გამორჩეული ადგილი დაიკავა ადამიანთა ფოლკლორულ, სახვით, თუ პოეტურ შემოქმედებაში. ამავდროულად ეს მცენარე იმდენად ძვირფასმერქნიანია, რომ ამის გამო, ჯერ კიდევ შუასაუკუნეებში, გადაშენების პირას მივიდა. ამ პერიოდს უკავშირდება ლეგენდა ურთხმელსა და თამარ მეფეზე. ხალხური გადმოცემის თანახმად, ეს კორომები საქართველოს თამარ მეფემ შეუნარჩუნა. გამოიცა ბრძანება, რომლის მიხედვით გლეხებს აეკრძალად ურთხელის ტყეების გაჩეხვა. მეტიც, ეს ბრძანება იმდენად შეუვალი იყო, რომ არავის ჰქონდა უფლება ეთხოვა მისი დარღვევა. სწორედ აქედან მოდის ხის ქართული სახელი „უთხოვარი“.დიდი ალბათობით, ამ ლეგენდას უკავშირდება ის ფაქტი, რომ საქართველო დედამიწაზე ერთადერთი ადგილია, სადაც უთხოვარი რელიქტური ტყის სახითაა შემორჩენილი. ასევე აღსანიშნავია ქართული ტრადიცია ამ ხესთან მიმართებაში, თუ სხვა ქვეყნებში ურთხელი სიკვდილის და უბედურების სიმბოლოდ მოიაზრებოდა, საქართველოში მას წმინდა ხედ მიიჩნევდნენ. „ურთხელიონს“ სწირავდნენ ძღვენს და შესთხოვდნენ ოჯახის კეთილდღეობას, ბედნიერებას, ნაყოფიერებას. ეს ტრადიცია შემორჩა დღემდე, ურთხელი წმინდა ანგელოზის ხედ მიიჩნევა. აღსანიშნავია, რომ უთხოვარს, რომელიც ბაწარის ნაკრძალის მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს, ერთნაირად მიაგებს პატივს მუნიციპალიტეტის როგორც ქრისტიანი, ისე მუსულმანი მოსახლეობა. ნაკრძალში ურთხელის წმინდა კორომებს ამდიდრებენ და იცავენ სხვა ენდემური მცენარეები: წაბლი (Castanea sativa), თელა (Ulmus minor) წიფელი (Fagus orientalis), რცხილა (Carpinus caucasica) და მურყანი (Alnus barbata); მეტიც, ბაწარას ნაკრძალი, და უთხოვრების საბინადრო, მისი შედარებით რბილი და ტენიანი კლიმატის გამო მასპინძლობს აღმოსავლეთ საქართველოსთვის უჩვეულო, კოლხურ მცენარეებს, როგორიცაა: იელი (Rhododendron luteum), წყავი (Laurocerasus officinalis), ბაძგი ანუ ჭყორი (Ilex colchica), მელიქაური (Daphne pontica). ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალის დასავლეთით, 7591 ჰექტარ მიწაზე გადაშლილია ილტოს აღკვეთილი, კიდევ ერთი გამორჩეული სივრცე. აღკვეთილი მოიცავს მდინარე ილტოს ხეობის სათავე ნაწილს და ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში შედის. ის 2003 წელს შეიქმნა განსაკუთრებული მისიით, შენარჩუნებულიყო ამ მიწებზე არსებული ძვირფასი ჯიშები და მათი ჰაბიტატები, უნიკალური წიფლის ტყეები, ურთხელის, ცაცხვის, ნეკერჩხლის, იფნის კორომები და ამ ტყისათვის დამახასიათებელი ფაუნა. აღკვეთილში მრავლად დაიარებიან მსხვილი ძუძუმწოვრები: შველი, არჩვი, დათვი და ღორი, მტაცებელი ძუმწოვრებიდან კი ხშირია მგელი, ფოცხვერი, ტყის კატა. ალპურ ზონაში იშვიათი და ლეშიჭამია ფრინველები ბინადრობენ: ორბი, სვავი, ბატკანძერი თუ მთის არწივი. აღკვეთილის ტერიტორია მრავალრიცხოვანი ხევებითაა დასერილი და რთული რელიეფით ხასიათდება. თავად მდინარე ილტოს კალაპოტი ციცაბოა და კლდოვანი. ტყის სარტყელში ძლიერად დამრეცი ფერდობები სჭარბობს. სუბალპურ ზონაში რელიეფის ფორმები პირიქით რბილდება, იქაური ფერდობები და გავაკებები შემკობილია მრავალფეროვანი, უცხო მცენარეული საფარით, და კიდევ უფრო იშვიათ იერს სძენს ილტოს აღთკვეთილის კონტრატსულ ლანდშაფთს.

რცხილაფოთლიანი კავკასიური ძელქვა
სართული ხედით – თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალი.
აღმოსავლეთ კავკასიონზე, თუშეთის ქვაბულში, 83007 ჰექტარზეა განფენილი და ზღვის დონიდან 900 – 4800 მ სიმაღლეზეა შეფენილი თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალი. ამ სივრცეში, თუშური არქიტექტურის წყობასავით, საფეხურებად ედებიან ერთმანეთს ჭანჭახოვნის, პირიქითასა და თუშეთის ალაზნის ხეობები, მათი შეერთების ადგილები, ალპური მდელოები, და მათ როგორც მცველები, გადმოჰყურებენ ღრუბლებიდან ამოშვერილი მყინვარები, მათ შორის ტებულო (4492მ.), დიკლო (4285 მ.) და ბორბალო (3294 მ.). თუშეთში მოგზაურობისას თავდაპირველად გესალმებიან მაღალმთის მუხა, ცირცელი და მდგნალი, შემდეგ კი თავის სამფლოებლოში გეპატიჟებიან თუშური ჰაბიტატის მთავარი მასპინძლები, ფიჭვისა (Pinus kochiana) და არყის (Betula litvinowi and Betula raddeana) კორომები. ისინი ერთმანეთს გეგმაზომიერად ენაცვლებიან და საბოლოოდ ერთ დიდ საჭადრაკო დაფას ქმნიან თუშეთის ფერდობებზე. გაზაფხულობით ამ ფერდობებზე განსაკუთრებული მოვლენა და სანახაობა იწყება: თუშური ფიჭვის ყვავილობა – დამტვერვა. ფიჭვების ყვავილობიდან წამოსული მტვერი ერთად იკრიბება, ერთ ქსოვილად იქცევა და ნელნელა ნისლივით იწყებს ტივტივს მწავნეში ჩაფლულ ფერდობებსა და ტყეების თავზე. შემდეგ ივნისის ქარები წამოუბერავენ და წამოიყოლებენ ამ მტვერის ნისლებს თან, ჩაძირავენ სოფლებს, მდელოებს, გორებს ამ ნისლში, და ეხვევა მთელი თუშეთი და მისი ჰაბიტატი ფიჭვის მაგიაში, რომელიც კურნავს და აჯანსაღებს. მოგზაურობის შემდეგ საფეხურზე გეგებებიან თუშეთის სავიზიტო ბარათად ქცეული ალპური მდელოები, ამომზეურებული ჭრელ-ჭრელი ყვავილებით, უნიკალური დეკიანებით (Rhododendron caucasicum) და ღვინიანებით (Juniperus oblonga, J. depressa, J. Sabina). ქვევიდან ამოდის ექოსავით მოჩხრიალე მდინარეების ხმა, სადაც დასრიალებს უიშვიათესი კალმახი (Salmo trutta) და კოლხური გომბეშო (Bufo verrucosissimus); ეს ექო ბანს აძლევს შუაწელში მოშრიალე ტყეებს, სადაც დაიარებიან დათვი, ტურა, მელა, ფოცხვერი, მგელი, აქა-იქ გადაირბენენ შველი და არჩვი. ხოლო ტყისა და ალპური მდელოების გასაყარზე, ყველასგან უჩუმრად, კლდის ქარაფზე შეიძლება კომეტის ჩამოვარდნასავით, გაიელვოს ერთმა არსებამ, მითებისა და ლეგენდების მკვიდრმა, როგორ ხშირად მოიხსენიებენ – „მარტოსულმა მონადირემ“. მისი ნახვა თითქმის შეუძლებელია, მაგრამ თუკი ერთხელ მაინც მოჰკრავთ თვალს: მას მოწყვეტილი ვარსკვლავივით მოყვითალო სხეული აქვს და ზედ დამღად ატყვია შავი ხალები, უნიკალური ანაბეჭდები. მისი სახელია ლეოპარდი – (Pantera pardus), მაგრამ აქ, კავკასიურ მთებში, მას ჯიქს ეძახიან. მეცნიერთა აზრით, ადამიანებს რეალისტური შანსი აქვთ, სუბალპურ, მეჩხერი ტყით დაფარულ კლდეებში დაინახონ ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლადი და მოსაფრთხილებელი არსება, წითელი ნუსხის კავკასიური საიმაყე – ნიამორი (Capra aegagrus). სულ მაღლა კი, იქ, სადაც სათავეებს იღებენ მთის მდინარეები, სადაც მიწა და ცა ერთდება, სრულ სიმშვიდეში ბინადრობს მწვერვალების მეფე, მთების სიმბოლო აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი (Capra cylindricornis). ზაფხულის პერიოდში იგი იშვიათად ჩამოდის ზღვის დონიდან 2800 მ-ზე ქვემოთ. მიუვალი აწუნთას ქედი და მისი შემოგარენი ნიამორის საყვარელი ადგილსამყოფელია, რადგან რთული რელიეფის გამო, ამ მიუწვდომელ ადგილზე იგი ადამიანთა საფრთხისაგან დაცულია. „აწუნთას მონაკვეთი“ იმით გამოირჩევა, რომ მთელი წლის განმავლობაში, იქ ბევრი ადგილი პრაქტიკულად, მიუდგომელია; არა მხოლოდ მიწიდან, არამედ ციდანაც, რადგან ნისლისა და ამინდის პირობების გამო ამ არეალის თავზე ვერტმფრენებიც კი იშვიათად დაფრინავენ. სამაგიეროდ თუშეთის ცას სერავს სხვა ფრინველი – ძველი დროის შემორჩენილი უკანასკნელი მოჰიკანი, კავკასიური შურთხი (Tetraogallus caucasicus); ის ბუდეს უმაღლეს მწვერვალზე, ჯიხვებთან ახლოს იკეთებს — ქვებში ან კლდეებშუა. ზამთარში, უიმედობის ჟამს იკვებება ჯიხვების საბალახოზე, ისინი ფლოქვებით აფხვიერებენ თოვლს და უადვილებენ შურთხს საკვების მოპოვებას. ფრთხილი შურთხი კი, სამაგიეროდ, სიკეთეს სიკეთით პასუხობს და მეგობარ ჯიხვებს წანასწარ ატყობინებს მოახლოებულ საფრთხეს. მისი სტვენა ბუმერანგივით, მოივლის მთელს მწვერვალებს ექოდ და აღვიძებს კავკასიონს, ატყობინებს, რომ ახალი დილა გათენდა. მზის სხივებთან ერთად გამოანათებს კავკასიური როჭო (Tetrao mlokosiewiczi); ოდნავ ბალახიან მწვანე ფერდობზე კარგად მოჩანს მამალი როჭოს სხეული შავ ლაქად. გამოღვიძებული კავკასიონის ცაზე კი იწყებენ ფრენას ირაოთი სვავები (Aegypius monachus), ბატკანძერები (Gypaetus barbatus), თეთრთავა ორბები (Gyps fulvus) და მთის არწივები (Aquila chrysaetos); კრავენ კამარას და დაჰყურებენ დაბლა ათასგვაროვან მიწებს, დამრეცს, ვრცელს, ბრტყელს, სადაც დაიარებიან იშვიათი, გადაშენების პირას მყოფი ცხოველები, და ხარობენ უიშვიათესი ენდემური, ბიო-ეკოლოგიურად რელიქტური მცენარეები, სადაც ამფიბიები, რეპტილიები, თევზები, მწერები მცენარეები, ცხოველები, კორომები სუნთქავენ ერთი ჰაერით და ქმნიან თანაარსებობის და თანაცხოვრების აუცილებელ უწყევტ ჯაჭვს.
