პროექტი „კვეტერის ინტერპრეტირებული მარშრუტი“ განხორციელდა – EU4ITD – ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი (CESL) პროექტის ფარგლებში და დაფინანსებულია ევროკავშირის და გერმანიის მთავრობის მიერ.
საფეხმავლო ინტერპრეტირებული მარშრუტის პროექტი ასევე მოიცავდა ელექტრონული ბროშურის დამზადებას, რომელიც მიზნად ისახავს გააცოცხლოს ახმეტის მიწებზე განვითარებული მნიშვნელოვანი ისტორიული ამბები, აღწეროს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, ბიომრავალფეროვნება და ასახოს არამატერიალური მემკვიდრეობის საინტერესო თავგადასავალი. მკითხველი გაეცნობა განსაკუთრებული გმირობების, თავდადებისა და ქვეყნის სიყვარულის მაგალითებს, რომლებმაც საპატიო ადგილი დაიკავეს ქართული ზეპირსიტყვიერების მითოსში, ლექსებსა თუ ფოლკლორში.
ახმეტის ტურისტული გზამკვლევი გვაცნობს ისტორიის სხვადასხვა გამორჩეულ ეპიზოდებს, კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშებს, ან საუკუნეებში გამოძერწილი სახალხო ხელოვნებისა თუ ყოფის ამბებს. შესაბამისად, ინტერპრეტირებული მარშრუტის დაფებისა და გზამკვლევის საშუალებით მკითხველი იმოგზაურებს მთელს ახმეტაში – ერთ-ერთ ყველაზე თვითმყოფად, ისტორიით მდიდარ და მრავალფეროვან ეთნიკურ მიწაზე.
პროექტით შექმნილი მასალა იმ მემკვიდრეობას აერთიანებს, რომელიც ადამიანისა და ბუნების თანაარსებობის საუკეთესო პრაქტიკას გვიჩვენებს, ასევე ჰყვება ახმეტის მეომარ-ისტორიულ წარსულს, და ამ ორომტრიალში სასიცოცხლო ციკლის შენარჩუნებისა და უნიკალური კულტურის შექმნის ამბავს.
ალავერდი – ქართული სულიერი მემკვიდრეობის საგანძური
ახმეტის მუნიციპალიტეტი ოდითგანვე გამოირჩეოდა ბუნებრივი რესურსებით, გეოპოლიტიკური მდებარეობითა თუ მრავალეთნიკური მემკვიდრეობით, რის გამოც წამყვან როლს ასრულებდა რეგიონში მიმდინარე ეკონომიკურ, პოლიტიკურ თუ კულტურულ ცხოვრებაში. ამ მიწებზე იქმნებოდა უნიკლალური კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც ასახავდა მის მრავალსაუკუნოვან ისტორიასა და შემოქმედებით იდენტობას. ამ მემკვიდრეობის ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუშია კავკასიონის დათოვლილი მწვერვალების ფონზე, ალაზნის ველზე აგებული მონასტერი-იდეა-ალავერდი. ჯერ კიდევ VI საუკუნეში, კახეთის მიწებზე ქადაგებდა იოსებ ალავერდელი, ლეგენდარულ 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთი. სწორედ მან ააგო ამ ველზე წმინდა გიორგის სახელზე პატარა სამოლოცველო. მას შემდეგ არა ერთმა ისტორიულმა ქარბორბალამ გადაიარა ამ მიწების თავს, რაც საბოლოოდ ქართულ სამთავროთა გაერთიანების და აღმშენებლობის გარდაუვალ პროცესში გადაიზარდა. XI საუკუნის დასაწყისში, იოსებ ალავერდელის ეკლესიის საფუძველზე, კახთა მეფე კვირიკეს დროს, აიგო ტაძარი ალავერდისა. ტაძრის მასშტაბი და არქიტექტურული გადაწყვეტა ახალ სიტყვას ამბობდა ხუროთმოძღვრებაში. იგი ერთ-ერთი უდიდესი ტაძარია საქართველოში, მისი სიმაღლე გუმბათიანად – 50 მ-ს აღემატება. ტაძარი ნაგებია რიყის ქვით, კედლები მოპირკეთებულია შირიმის კვადრებით, მის არქიტექტურულ გეგმას საფუძვლად უდევს ტრიკონქი. ტაძრის პროპორციების აზიდულობა, ვერტიკალის ხაზგასმა და მონუმენტური ფასადები გრანდიოზულობის შთაბეჭდილებას ტოვებს. განსაკუთრებელია ინტერიერის სივრცობრივი აღქმაც, რომელსაც ქმნის არა მარტო სიმაღლე, არამედ ძირითად ნაწილთა იდეალური ურთიერთშეფარდება, რომელიც გამდიდრებულია უნიკალური მხატვრობის ფრაგმენტებით. გარდა ხუროთმოძღვრული გარდატეხისა, ალავერდის მონასტერი თავის თავში იაზრებდა იდეურ გარდასახვასაც – ის გახდა სასულიერო, კულტურული, ლიტერატურული, საგანმანათლებლო და სახელოვნებო პორცესების ცენტრი რეგიონსა და ქვეყანაში. ალავერდის მონასტერს უკავშირდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კულტურის განვითარება – მევენახეობა და ღვინის წარმოება. მონასტრის საწნახელებსა და მარნებში ჩამარხულ ქვევრებში, საუკუნეების განმავლობაში, განსაკუთრებული საიდუმლო წესით აყენებდნენ ღვინოს შავებში შემოსილი ბერები. ალავერდი და მისი მამულები მასპინძლობდა საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ დღესასწაულს – ალავერდობას, რომელიც ყოველი წლის სექტემბრის ბოლოს იწყებოდა და სამ კვირას გრძელდებოდა. დაარსების დღიდან ალავერდის სამონასტრო კომპლექსს არასოდეს შეუწყვეტია განვითარება, შედეგად მისი გალავნის შიგნით მოქცეულია სხვადასხვა დროს აგებული არა ერთი მნიშვნელოვანი ნაგებობა: ალაზნის ველზე აღმართული სამრეკლო, პალატი, ფეიქარ-ხანის სასახლე, აბანო, საღვინე სათავსოები, მარანი, და რაც მთავარია, ალავერდის წმ. გიორგის საკათედრო ტაძარი, რომლის ფესვებში განისვენებენ ქართველი მეფეები და თავად იოსებ ალავერდელი; აქ დღესაც ელიან მომლოცველებს და მნახველებს და უზიარებენ მათ ამ მიწებზე განვითარებული მრავალსაუკუნოვანი სიცოცხლის უწყევტ ისტორიას.
ქვაში მოთხრობილი ისტორია
წერილობითი ისტორიის გარდა, ახმეტის რეგიონის კიდევ ერთი უტყუარი მემატიანე, ქვაში ნაძერწი ისტორიაა. მიწის ყოველ გოჯზე დატოვებულია ქვის ანაბეჭდები – უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, რომლებიც ასახავენ სხვადასხვა ეპოქების გამოძახილს და შემოქმედებით ისტორიას. ახმეტის მიწებზე მიმოფანტული ძეგლების ათვლა შეიძლება მდინარე მატნისხევის ნაპირებზე გაშენებული სოფელი მატანიდან დაიწყოს, სადაც არქეოლოგიური გათხრების საფუძველზე რეგიონის ერთ-ერთი უძველესი ნასახლარი ამოტივტივდა. ძნელად მისადგომ მაღლობზე, შემორჩენილია III-IV ათასწლეულის მეგალითური დასახლების – ციკლოპური ნაგებობების ნაშთები, რომელსაც ქართული ტრადიციით „დევების ნასადგომარი” ეწოდება. უძველესი ცივილიზაციის ნაშთებიდან სულ სამიოდე კილომეტრში, გაშლილ მინდორზე, დგას ადრექრისტიანული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი პირველი და გამორჩეული მონუმენტი – ერელაანთ საყდარი, V-VI საუკუნის შედევრი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელზე ნაგები ჯვარგუმბათოვანი მინიატურული ნაგებობა. ტაძარი აგებულია რიყის ქვითა და უსწორმასწორო კირქვის ფილებით, ტაძრის შიგნით, მონუმენტურ კედლებზე შემორჩენილია უძვირფასესი ფრესკების ფრაგმენტები. აღსანიშნავია V-VIII საუკუნეების მატნის ცხრაკარას მონასტერი, რომელიც აგებულია ერთმანეთზე გადაჯაჭვული რამდენიმე ეკლისიისგან; და ნატიფი არქიტექტურით გამორჩეული XVI საუკუნის მატნის წმინდა ნიკოლოზის გუმბათოვანი ეკლესია. სოფელი მატანის მსგავსად, მთელი ახმეტის მუნიციპალიტეტი დახუნძლულია მრავალფეროვანი ტაძრებით, იქნება ეს VIII-IX საუკუნეების ფიჩხოვანის ნათლისმცემლის ეკლესია, არგოხის ყველაწმინდის დარბაზული ტაძარი, ახმეტის ღვთაების სამონასტრო კომპლექსი თუ მრავალი სხვა ადრექრისტიანული ხანის შედევრი. ეს შემოქმედებითი გამოცდილება თვალსაჩინოდ აირეკლა VIII-XI საუკუნეების კვეტერას ისტორიულ ციხე ქალაქში, რომელიც კახეთის სამთავროს გამორჩეული ცენტრი გახდა. კვეტერაში დაწყებული აღორძინება კი საბოლოოდ იდგამს გვირგვინს XI საუკუნეში, როდესაც პირველად იკურთხება ქართული ისტორიის, კულტურისა და რელიგიის ქვაკუთხედი, ალავერდის მონასტერი. გარდა ეკლესია მონასტრებისა, ახმეტის მიწები ასევე ასახავს საცხოვრისების, კოშკების, და ციხე სიმაგრეების მრავალრიცხოვან ანათვალს, რომლის შესანიშნავი მაგალითია იშვიათი არქიტექტურული ფენომენი კოშკ-მარანი. ზემო ხოდაშენის მონასტრის ეზოში დგას 1760-1784 წლებში აგებული „მარანი ციხით“, ის ერთდროულად წარმოადგენს: საბრძოლო ნაგებობას, ბერის საცხოვრისს და მარანს, საწნახლებითა და მიწაში ჩაფლული ოცზე მეტი ქვევრით. გვიანი შუასაუკუნეებიდან მოყოლებული ახმეტის ტერიტორიაზე სულ უფრო მატულობს ნამდვილი საფორტიფიკაციო მოხაზულობები. ამ მემკვიდრეობის გამორჩეული სახეა პანკისის ციხე, რომელიც მაღალ მთაზეა აგებული და გადმოჰყურებს შეუდარებელ პანკისის ხეობას. ეს ფორტიფიკაცია თავის უმსხვილესი გალავნის კედლებით განვითარებულ შუა საუკუნეებში პანკისის საერისთავოს ცენტრი იყო და როგორც მეხამრიდი, ხშირად ხვდებოდა რეგიონში წარმოებული ომების ქარცეცხლში. ახმეტის ციხე-კოშკების ნუსხას ავსებს ლეგენდარული ბახტრიონის, ჩოლოყაშვილებისა თუ თუშეთის მიუვალ მთებში მერცხლის ბუდეებივით ფიქლით ნაგები კოშკები, რომლებიც ყვებიან ქვეყნის ტურბულენტური ისტორიისა, და უნიკალური კულტურის შექმნის ამბავს.
ბახტრიონის აჯანყება – 1659
ბახტრიონის აჯანყება – 1659 ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზნისა და ილტოს შესართავთან, შემაღლებულ გორაზე შემორჩენილია ძველი ციხის ნაშთები. ეს საქართველოს ისტორიაში ლეგენდად ქცეული ბახტრიონის ციხეა, რომელიც აგებული უნდა იყოს XVII საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს, ირანის შაჰის აბას II-ის ბრძანებით. აღნიშნულ პერიოდში, სპარსეთის შაჰი დაუფარავად ცდილობდა კახეთის სამეფოს სახანოდ გადაქცევას, საკუთარი კარმიდამოდან ასახლებდა ადგილობრივ კახ მოსახლეობას, მათ ნაცვლად კი ჩამოჰყავდა მომთაბარე – მეჯოგე ტომები, რომელთა რიცხვმა საბოლოოდ 80 ათას მიაღწია. კახეთში სპარსელთა ბატონობის განსამტკიცებლად შაჰის ბრძანებით აიგო ორი მძლავრი ციხესიმაგრე – ბახტრიონი და ყარაღაჯი, მეტიც, თავად ალავერდის მონასტერშიც კი მათი მეციხოვნეები ჩადგნენ. არსებული ვითარება სრულ განადგურებას უწინასწარმეტყველებდა კახეთს, მთლიანად აღმოსავლეთ საქართველოს და მთის მოსახლეობას. კითხვის ნიშნის ქვეშ დგებოდა საუკუნეებგამოვლილი კულტურის, იდენტობის ბედიც. ჩაუდგა ამ ჯანყს სათავეში ზაალ არაგვის ერისთავი, მისი ვაჟი ზურაბი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები და კახეთის გამორჩეული თავადი ბიძინა ჩოლოყაშვილი. მოჰყვებოდნენ მათ მხარდამხარ მთის თავისუფალ მებრძოლთა რაზმები – თუშების, ფშავების და ხევსურების. ზეპირსიტყვიერი გადმოცემით, ერთ მთვარიან ღამეს, უჩუმრად და მოულოდნელად, აჯანყებულთა ერთი ნაწილი ბახტრიონის ციხეს შემოეწყო, მეორე კი ალავერდის გალავანში გამაგრებულ მტერს. 1659 წელი საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი თარიღია, ბრძოლების შედეგად თითქმის სრულად განადგურდა მტრის მრავალრიცხოვანი გარნიზონები, ნაცარტუტად იქცა თავად ბახტრიონის ციხე. ამ აჯანყებამ თან წაიყოლა აურაცხელი გმირი მებრძოლის სიცოცხლე, მათ შორის აჯანყების ყველა მოთავე მტრის ხელით მოწამებრივად აღესრულა; მოგვიანებით კი ბიძინა ჩოლოყაშვილის, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავების სახელები სამუდამოდ შეუერთდა ქართული ეკლესიის წმინდანთა დასის სიას. მიუხედავად ასეთი დანაკარგებისა გადარჩა მთავარი იდეა, თავისუფლებისა და კახეთის იდენტობის შენარჩუნებისა. ბახტრიონი იმდენად შთამაგონებელი მოვლენა იყო, რომ მან მაშინვე გადაინაცვლა ქართულ ზეპირსიტყვიერ მითოსში, ლექსებსა და სიმღერებში. ქვეყნის მიმდინარე ისტორიიდან გამომდინარე, ეს თემა არასოდეს კარგავდა აქტუალობას, XIX საუკუნეში, უდიდესმა ავტორმა ვაჟა-ფშაველამ თავის პოემაში „ბახტრიონი“ შეუდარებლად გააცოცხლა აჯანყების ისტორია, იმავე პერიოდში დაიწერა ქართველების სახალხო პოეტისა და მწერლის – აკაკი წერეთლის კალმით „ბაშიაჩუკი“ – ქართული ლიტერატურის კიდევ ერთი შედევრი. მეოცე საუკუნეში კი ბახტრიონის აჯანყების გმირებმა დიდ ეკრანებზე გადაინაცვლეს და 1956 წელს გადაღებული ფილმი „ბაში-აჩუკი“, მაშინვე იქცა თაობების საკულტო ფილმად. ამგვარად, შორეულ 1659 წელს მომხდარი ამბავი, დღემდე პოულობს თავის გამოძახილს ქართულ ისტორიასა და კულტურაში, როგორც ქვეყნის გადარჩენის სიმბოლო.
ახმეტის მიწები – ბიოლოგიური სიცოცხლის ბიბლიოთეკა
ახმეტის მუნიციპალიტეტის უნიკალური ბუნება, ალაზნის დაბლობიდან კავკასიონის გაყინულ მწვერვალებამდე, როგორც სიცოცხლის ბიბლიოთეკა, თავის საცავში ინახავს სამყაროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების ენდემურ კატალოგსა და ათასწლოვანი ბუნების ცოდნას. ახმეტის უნიკალურ წიაღში მოგზაურობა კავკასიონის ფესვებთან იწყება, 1950 წელს დაარსებული ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალიდან. მის მრავალფეროვან რელიეფსა და ნიადაგებზე აღმოცენებულ კუნელთან, ზღმარტლთან და ასკილთან ერთად სიღრმეში შრიალებენ ქართული ენდემური მუხა, მინდვრის ნეკერჩხალი, კაკალი, ლაფანი და ბზა. ხოლო ნაკრძალის უმთავრეს საცავში დგას ამ მიწების უძველესი წარმომადგენელი – მესამეული ხანის რელიქტი – რცხილაფოთლიანი კავკასიური ძელქვა (Zelkova carpinifolia). წაგრძელებულ, ელიფსისებრ ფოთლიან ხეთა უნიკალური კორომები აღრიცხულია საქართველოს „წითელ წიგნში“. მთაგორიანი, ხევებით დასერილი მიუვალი ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალი აირჩია თავის სამოსახლოდ ურთხელის (Taxus baccata) ფესვებმა. ის დედამიწის უძველეს მცენარედ ითვლება, მისი ნემსების მსგავსი ფოთლები და ალისფერი ნაყოფი იმთავითვე იქცა ზღაპრებისა და მითების პერსონაჟად. ეს მცენარე იმდენად ძვირფასმერქნიანია, რომ სწორედ ამ მერქნის გამო, ჯერ კიდევ შუასაუკუნეებში გადაშენების პირას მივიდა. დღეს საქართველო ერთადერთი ადგილია, სადაც უთხოვარი რელიქტური ტყის სახითაა შემორჩენილი. აღმოსავლეთ კავკასიონზე, ზღვის დონიდან 900 – 4800 მეტრის სიმაღლეზე აჭიმულ თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალში მოგზაურობისას პირველი გესალმებიან თუშური ჰაბიტატის მთავარი მასპინძლები, ფიჭვისა და არყის კორომები, რომლებსაც ჭადრაკის დაფასავით ანაცვლებს ალპური მდელოები, ჭრელ-ჭრელი ენდემური ყვავილებითა და უნიკალური დეკიანებით. მოშრიალე ტყეებში ბინადრობენ დათვი, ტურა, მელა, ფოცხვერი, მგელი, შველი და არჩვი. ათასში ერთხელ კი კლდის ქარაფზე შეიძლება კომეტასავით გაიელვოს მითად ქცეულმა არსებამ, მარტოსულმა მონადირემ, რომელსაც კავკასიის მთებში ჯიქს უწოდებენ, დანარჩენი სამყარო კი იცნობს როგორც ლეოპარდს (Pantera pardus). ნაკრძალის სუბალპურ კლდეებში შესაძლებელია დაილანდოს წითელი ნუსხის კავკასიური სიამაყე – ნიამორი (Capra ae- gagrus); ხოლო, სულ მაღლა, იქ სადაც სათავეებს იღებენ მდინარეები, სადაც მიწა და ცა ერთდება, სრულ სიმშვიდეში ბინადრობს მწვერვალების მეფე, კავკასიის ენდემი, აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი (Capra cylindricornis). მათ ზევით, კავკასიის ცას სერავს ძველი დროის შემორჩენილი უკანასკნელი მოჰიკანი, კავკასიური შურთხი (Tetraogallus cau- casicus); მისი სტვენა ბუმერანგივით, მოივლის მწვერვალებს ექოდ და აღვიძებს მთელს კავკასიონს. მზის სხივებთან ერთად იწყებენ გამოღვიძებას კავკასიური როჭო, სვავები, ბატკანძერები და მთის არწივები; კრავენ კამარას და დაჰყურებენ დაბლა ათასგვაროვან მიწებს, სადაც ამფიბიები, თევზები, მწერები, მცენარეები, ცხოველები, სუნთქავენ ერთი ჰაერით და ქმნიან თანაარსებობის და თანაცხოვრების უწყევტ ჯაჭვს.
სიმარტოვის მისტერია – ცხვრის გადარეკვა
საუკუნეთა წრე-ბრუნვაში თუშეთის მაღალ მთებში გამოიძერწა ცხვრის გადარეკვის უნიკლაური ტრადიცია, რომელმაც განაგო თუშთა ცხოვრების განსაკუთრებული წესი, და სამუდამოდ დაუკავშირა ერთმანეთს სამი ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი: თუშეთი – ალვანი – და შირაქ-სამუხის ველი. სამი წერტილისგან, რომელთა შორის დაშორება დაახლობით 200-300 კილომეტრია, შეიკრა უნიკალური გეოგრაფიული სამკუთხედი. ამ სამკუთხედში მეცხვარეებისა და ცხვრის მოგზაურობა დაახლოებით 4-4-4 თვიანი წლიური ციკლით განისაზღვრებოდა: ოთხი თვე თუშეთში, ოთხი თვე კახეთის სოფლებზე გამავალ ცხვრის სამიგრაციო ტრასებზე, და ოთხი თვე შირაქ-სამუხის ზამთრის საძოვრებზე. ამ მომთაბარე ცხოვრების წესმა თუშებს დაუმკვიდრა სამგან მაცხოვრებელი ტომის სახელწოდება. ეს წრიული მოგზაურობა გვიან გაზაფხულზე იწყება, თუშთა ველებზე. ზღვის დონიდან 1900-3200 მეტრის სიმაღლეზე გადაშლილი მდელოები ნოყიერია და გაჟღენთილია უნიკალური მინერალებით. თუშეთის საძოვრების სტრუქტურა და შემადგენლობა იცვლება სიმაღლესთან და ექსპოზიციასთან ერთად. იქაური ბალახი ხან ტენიანია, ხან სველი, ან სულაც უიშვიათესი ვაციწვერიანი, რაც ოდითგანვე ხელს უწყობდა განსაკუთრებით ძვირფასი ცხვრის განვითარებას, რომელიც ითვლებოდა და დღემდე ითვლება კავკასიაში საუკეთესოდ. ზაფხულის მზის ქვეშ, მწვანე ფერდობებზე შეფენილი თეთრი ცხვარი, ფარის ერთგული მცველი -კავკასიური ნაგაზი, და მათ უკან მიმავალი მწყემსის სილუეტი საუკუნეების განმავლობაში არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობის სურათ-ხატად იქცა, რომელიც თუშეთის იდენტობას ასახავს. როდესაც მთაში პირველად შეტყდება ჰაერი, ყვითელი შეეპარება არყის კორომებს, და ჯანღი დაიწყებს ამოსვლას ხევებიდან, მწყემსი დაიწყებს ცხვრის გადარეკვის მისტერიას. ასე იწყება ცხოველთა უდიდესი მიგრაცია ევროპაში. თუშთა მწვერვალებს ორი კვირის განმავლობაში ტოვებს 40-50 ათასი ცხვარი, 8 ათასამდე ძროხა, 500 ცხენი და ამდენივე ნაგაზი ძაღლი. გადასერავენ კახეთის სოფლებზე გამავალ ცხვრის სამიგრაციო ტრასებს, შეისვენებენ და საბოლოოდ გამოსაზამთრებლად დაიდებენ ბინას შირაქ-სამუხის ზამთრის საძოვრებზე. ცხვრის გადარეკვის განმეორებადი რუტინა, გარდა ეკონიმიკური საქმიანობისა, ბიძგს აძლევდა ახალი კულტურული დიალოგების წამოწყებას, ტრადიციების გაზიარებას მწყემსებსა და გზად შემხვედრ ადგილობრივებს შორის. თუში მეცხვარე ნელნელა გახდა სამყაროთა დამაკავშირებელი მედიუმი, რომელიც ამავე დროს ფუტკარივით მხოლოდ კეთილშობილი დოვლათის შემქმენლი იყო. გარდა უშუალოდ ცხვრისა, ის გარემოს აძლევდა გუდის ყველს, ხორცს, რეწვისთვის იძლეოდა მატყლს, თექას, ძაფს. თუმცა გარდა სოციალური, კულტურული და ეკონომიკური ტრადიციისა, ცხვრის გადარეკვა ასევე პიროვნული განვითარების საუკუნოვანი გამოცდილებაა. გადარეკვა სიმარტოვის, სიმამაცის და რაც მთავარია, წანაპრების მიერ გადმოცემული ისტორიების, ლეგენდების და საკუთარი ფესვების გაცნობისა და მათთან ზიარების მისტერიაა.
თუშეთი როგორც პიქტოგრამა
ახმეტის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებშია მოქცეული უნიკალური ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე თუშეთი, რომელიც კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზეა შეფენილი. ეს მხარე ოდითგანვე დასახლებული იყო ქართველ მთიელთა ეთნოგრაფიული ჯგუფით – თუშებით. დროთა განმავლობაში, სხვადასხვა მიზეზებით, თუშმა მოსახლეობამ ბარში ჩამოსახლება დაიწყო და მათი დიდი ნაწილი დღეისთვის კომპაქტურად არის განსახლებული ზემო და ქვემო ალვანში; თუმცა, თუშები არ კარგავენ კავშირს ფესვებთან, და გაზაფხულ-ზაფხულობით მთა-თუშეთი მთლიანად ივსება მკვიდრი მოსახლეობით. მიუწვდომელი მწვერვალებით გარშემორტყმული თუშეთის ბუნება ისეთი უნიკლაურია, რომ საქართველოს დაცული ტერიტორიების ნუსხაშია შესული. თუშეთის სავიზიტო ბარათია შეუდარებელი ალპიური მდელოები, არყისა და ფიჭვის ტყეები, რომელთა დიდი ნაწილი პირველქმნილია. აქ გავრცელებული მცენარეულობის 230 სახეობა კავკასიის ენდემია. თუშეთის თვითმყოფადმა ბუნებამ უზარმაზარი გავლენა იქონია თუშების ცხოვრების სტილზე, ჩამოყალიბდა განსაკუთრებული თემური ტრადიციები, სამზარეულო, ხელოვნების დონეზე განვითარდა მეცხვარეობის კულტურა, რეწვითი ტრადიციები. თუშური არქიტექტურის და რელიეფის ერთიანობა იმდენად შერწყმულია ერთმანეთთან, რომ იშლება ზღვარი ადამიანისა და ბუნების მიერ შექმნილს შორის. მაგალითად მთის კალთებზე შეფენილი სოფელი დართლო მთლიანად გამოცხადებულია არქიტექტურულ ნაკრძალად. იგი თუშეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოფელია, რომლის ცენტრში დგას ეკლესია, იახსარის ხატის წარმართულ-ქრისტიანული სალოცავი, ასევე ორი პირამიდულსახურავიანი ციხე-კოშკი, სოფლის ბოლოს კი შემონახულია უნიკალური არქიტექტურული ძეგლი – საბჭეო „ღია სასამართლო დარბაზი“, 12 ქვის ნათალი სკამით წრეში, 12 ნაფიც-მსაჯულისათვის. ეს ქვები ყვებიან თუშური სამართალწარმოების ისტორიას, რომ თუშეთში, სასიკვდილო განაჩენი არ გამოჰქონდათ, უმაღლესი სასჯელი თემიდან განკვეთა იყო. სოფელ მუზეუმს უმაგრებენ გვერდს სოფლები ფარსმა, გირევი და ჰეღო, ერთმანეთში მხარდამხარ გადაჯაჭვული სახლებით, წმინდა ნიშებით, თუ მიუვალ კლდეებზე ჯიხვებივით შემჯდარი ურღვევი კოშკებით. თუშური კოშკები გვიან ფეოდალურ საუკუნეშია ნაგები, თუმცა მათ კედლებში ჩატანებულია უძველესი ქვები – პიქტოგრამები, სადაც მითოსური რწმენა-წარმოდგენების, კოსმოსის შესაქმის ამსახველი სიუჟეტური ნახატები და სიმბოლოებია გამოსახული. პიქტოგრამები კიდევ უფრო მისტიკურ აურაში ახვევს ისედაც ნისლებში ჩაძირულ თუშური ქვის სამყაროს. თუშეთის მიწებზე, ზღვის დონიდან 2345 მეტრზეა მოკალათებული ევროპის ყველაზე მაღალი სოფელი – ბოჭორნა; აღსანიშნავია კლდის ქიმზე წამომდგარი სოფელი დოჭუ, რომელსაც მწვერვალზე “ამოსულ” მეომართა სოფელს უწოდებენ. საბოლოოდ კი თუშეთში ყველა გზა თავს იყრის XVIII საუკუნეში ნაგებ კესელოს ციხესთან. ის ნაშენია ფიქალით, მშრალი წყობით, გაწყობილია სათოფურებით, სარკმელებით და დამშვენებულია აღმოსავლეთის კედელზე ჩასმული ხუთი მთის ბროლის ქვით.
კვეტერა, ციხე-ქალაქი გზაგასაყარზე
ისტორიული ციხე-ქალაქი კვეტერას სახელი წყაროებში პირველად XI საუკუნეში ტივტივდება, თუმცა ვახუშტი ბატონიშვილის კვლევების მიხედვით, მისი განვითარება ჯერ კიდევ VIII საუკუნეში უნდა დაწყებულიყო. შესაბამისად 1010-1037 წლებში, როდესაც კახეთ-ჰერეთის ტერიტორია შვიდ საერისთავოდ დაიყო, კვეტერა უკვე წამყვან როლს თამაშობდა რეგიონში. ციხე-ქალაქი რთულად მისადგომ მთის წვერზეა აგებული, მდინარე ილტოს მარჯვენა ნაპირზე. ამ წერტილიდან ხელისგულივით მოჩანდა ალაზნის ველსა და მთის რეგიონებს შორის გამავალი გზები, და შესაძლებელი იყო მათი სრულად კონტროლი. სახარბიელო გეოგრაფიული მახასიათებელი ციხე-ქალაქს სტრატეგიულ უპირატესობასაც ანიჭებდა. ის თავის თავზე იღებდა ჩრდილოეთიდან მომავალი შემოტევების მოულოდნელ დარტყმას და, შესაბამისად, მთელს შიდა რეგიონს არიდებდა გარდაუვალ საფრთხეს. ასეთმა სტრატეგიულმა მდებარეობამ კვეტერა ნელ-ნელა გადააქცია კახეთის სამთავროს (შემდგომში სამეფოს) ერთ-ერთ უმთავრეს ცენტრად. კვეტერის გრანდიოზული ნანგრევები მთაზეა განფენილი, გარს არტყია რიყისა და ფლეთილი ქვით ნაგები გალავანი, რომლის კედლებში დატანებულია კონტრფორსები, მრგვალი და ოთხკუთხა კოშკები, ხის საბრძოლო ბაქნები. მთლიანი ციხე- ქალაქი იყოფა ქვედა და შიდა ციხეებად, მათ შორის დონეთა სხვაობა 35 მეტრია. ციხის ყველაზე მაღალი, დავაკებული ადგილი უჭირავს შიდა ციხეს – ციტადელს, რომელიც დაახლოებით 3500 კვმ-ია გადაჭიმული. ციტადელი თავის გალავნის კედელბში ითავსებს სასახლეს, დარბაზულ ეკლესიას, სამეურნეო დანიშნულების სათავსებს, წყალსაცავის ნაშთებს. ციტადელის ცენტრში კი, უშველებელ მინდორზე დგას კვეტერას გული – X საუკუნის გუმბათოვანი მინიატურული ეკლესია, მონუმენტური სიდიადით, რომელიც დღემდე რჩება ქართული კულტურის უნიკალურ ქმნილებად. მცირე ზომის ტაძარი გეგმაში წარმოადგენს ჯვარს ოთხი აფსიდით, დაგვირგვინებულია გუმბათით, რომელშიც მიჯრით არის ამოჭრილი ექვსი თაღოვანი სარკმელი. შუასაუკუნეების უცნობი ხუროთმოძღვარი თითქმის არ იყენებს მორთულობას, ინარჩუნებს სრულ სისადავეს, მინიმალისტურ სტილს, თუმცა შიშველი კონსტრუქციისა და განათების გადათამაშებით აღწევს განუმეორებელ მხატვრულ ეფექტს. შირიმის ქვაში მოპირკეთებული მოყვითალო კედლების დაგვირგვინება ლაზურისფერი მოჭიქული კრამიტის სახურავით – კვეტერას ტაძარს აქცევს სრულყოფილ ქვათა ჰარმონიად, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო. 1968 წელს კვეტერაში ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა, გარდა ძირითადი ისტორიულ-კულტურულ და სამხედრო მემკვიდრეობისა, გამოამზეურა ციხის ტერიტორიაზე აღმოჩენილი უამრავი მინის ჭურჭელი, მოჭიქული კრამიტი, ფაიანსის ნატეხები, სამაჯურები, სპილენძის მონეტები, ასევე მეთუნეობასთან დაკავშირებული საგნების კვალი, რაც მოწმობს, რომ შუა საუკუნეებში, კვეტერას საკუთარი სამეთუნეო წარმოებაც ჰქონდა განვითარებული. საქალაქო ცხოვრების კვალი კვეტერაში XIII საუკუნიდან ისპობა და გვიანდელი ხანის წყაროებში იგი აღარ იხსენიება. თუმცა იმ რამდენიმე საუკუნის განმავლობაში როცა კვეტერა თავის ოქროს ხანას ითვლიდა, ქვეყნის მთავარი მაჯისცემა სწორედ მისი გალავნის შიგნით სცემდა და ძერწავდა რეგიონის ისტორიულ, კულტურულ, სამხედრო თუ ეკონომიკურ მემკვიდრეობას.
გემოთა დიალოგი
მრავალეთნიკურ ახმეტაში მცხოვრები ქართველები, ოსები, ქისტები, ჩეჩნები, ასევე შიდა მიგრაციებით ჩამოსახლებული ფშავები, ხევსურები საუკუნეების განმავლობაში ქმნიან უნიკალურ კულინარიულ კულტურას. ახმეტური სამზარეულო სავსეა კახეთის მხარისთვის დამახასიათებელი ფესვგამდგარი კერძებით, როგორიც არის კახური საგანძური – ვაზის წალამზე შემწვარი ღორის მწვადი, ათასი მწვანის ელფერში ჩაძირული ბატკნის ხორცის ჩაქაფული, შეუდარებელი ხინკალი. ახმეტურ ოჯახებში ცოცხლობს კულინარია, რომელიც განსხვავებულია არა მხოლოდ გემოებითა და წარმომავლობით, არამედ მომზადების წესით. მაგალითად, ფშაური დამბალხაჭო – მარილში გადაზელილი ხაჭოს კვერები, რომლებიც ჯერ უმზეობაში შრება, შუაცეცხლის თავზე, შემდეგ კი თიხის ქოთნებში თავსდება, სადაც დაახლოებით 1,5-2 თვის განმავლობაში გარედან იკიდებს “კეთილშობილ ობს”. ახმეტურ სუფრაზე იმკვიდრებენ თავის ადგილს ქისტური დელიკატესები, ხელშეუხებლად შემონახული ისტორიული ჯიჯიგ-გალნიშ – ხორცისგან და ცომისგან დამზადებული გემოთ შეთანხმება და სისქალ-ნეხჩ. რეგიონის კიდევ ერთი უნიკალური კერძია, ჩობან – ყაურმა – იგივე მწყემსური ყაურმა. ცხვრის ხორცი მომცრო ნაწილებად იჭრება და გუდაში იყრება, რომელსაც, მწყემსები ჩაუძახებენ იქვე ამოთხრილ ორმოში, გადააფარებენ მიწას, ზემოდან დაანთებენ ცეცხლს და იწყებს კერძი მიწაში „მოშუშებას“. კულინარიულ პალიტრას თუშეთის ფიქლის სახლებში დამზადებული კერძები და სასმელი ამდიდრებს. თუშურ საკრალურ ხატობაზე შემთხვევით აღმოჩენილ სტუმარსაც ეძლევა საშუალება დააგემოვნოს ალუდი, რომელიც რიტუალური წმინდა სასმელია და მზადდება ქერის ალაოსგან. თუშები საუკუნეები მტკიცედ ინახავდნენ გარკვეულ რეცეპტებსა და მზადების ადათ-წესს, ნებისმიერმა მკვიდრმა იცის ცივი და გრძელი ზამთრის გადასატანად შესანახი ხორცის ყაღის დამზადება. სახელგანთქმულია მათი უსაფუარო ცომისაგან დამზადებული ხმიადი, გორდილა, მოსმულა და კოტორი, რომელიც უთხელესი „თუშური ხაჭაპურია“ და გულში უზის ერბო-კალტის ჩამდნარი ნაზავი. ცალკე ხელოვნებაა გუდის ყველი – ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროდუქტი თუშურ, ქართულ და მსოფლიო კულინარიაში. გუდის ყველის მოგზაურობა რთულია, – ცხვრის მოწველიდან ნაბადში დათბუნვასა და ცხვრის გუდაში მოთავსებამდე, საათებით გათვლილ, ურთულეს პროცესს გადის. საბოლოოდ კი, ყველი გუდაში იწყებს მომწიფების პერიოდს, რომელიც დაახლოებით სამოც დღემდე იწელება. ბოლოს კი, როგორც ახმეტური კულინარიის დაგვირგვინება, აღსანიშნავია 1874 გამოცემული კულინარიული წიგნი „სრული სამზარეულო“. ეს წიგნი გამორჩეული ქალის, ახმეტის სოფელ ქისტაურის მკვიდრის, ლიტერატორის, საზოგადო მოღვაწის, ქალთა უფლებების გულმხურვალე დამცველის – ბარბარე ჯორჯაძის კალამს ეკუთვნის. „სრული სამზარეულო“, გამოცემის დღიდან ბესტსელერად იქცა და დღემდე რჩება ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილ კულინარულ ალმანახად, რომელშიც მოქცეულია ქართული სამზარეულოს მთელი საგანძური.
ფეიქართა გილდია
ახმეტის მიწებზე ბუნება და ადამიანი ოდითგანვე ჰარმონიაში თანაცხოვროვდა, და ამის შედეგად იქმნებოდა ცოცხალი, ხალხური ხელოვნება, რომლის საუკეთესო დასტურია მეცხვარეობის ტრადიციიდან განვითარებული საფეიქრო კულტურა. ნოყიერი მცენარეული საფარისგან გაჯერებული თუშური ცხვარი იძლეოდა განსაკუთრებულ მატყლს, რომელიც კავკასიაში საუკეთესოდ ითვლებოდა და დღემდე ითვლება. ის რბილია, ნაზი და მბზინავი. არსებობს კიდევ ერთი თქმულება, თითქოს თუშური ცხვრის მატყლი ადვილად იღებება, მიღებული ფერი კი გაუხუნავი და მდგრადია. თუში მწყემსების საშუალებით საუკეთესო მატყლი თუშ ოსტატებამდე და სახელოსნოებამდე აღწევს და იწყება ფეიქრობის ნამდვილი ზეიმი. პირველ რიგში ირთვება ძაფი და იღებება მატყლი. თუშეთის მიწა მცენარეულ საღებავთა უსასრულო პალიტრის მატარებელია. ძველთაგან გადმოყოლილი ტრადიციით კი ოსტატები ზედმიწევით ფლობენ ცოდნას, სად, და როდის მოიპოვონ შესაბამისი მცენარე და როგორ განაზავონ სასურველი ფერის მისაღებად. ადგილობრივ საღებავთა შორის მოიაზრება სახელგანთქმული დეკა, კრაზანა, კოწახურის ძირები, ასევე სამი ჯადოსნური თუშური საღებავი: წენგო, შავი და ყვითელი. განსაკუთრებული მნიშნელობა ენიჭება სამღებრო ჭურჭლის შერჩევას, თუშთა რწმენით, თუჯის ჭურჭელში დამზადებულ საღებავს ვერც დრო და ვერც გარემო ვერ ერევა. მტკიცედ ნაღები ძაფები სამუდამოდ პოულობენ თავის ადგილს თუშურ ფარდაგებში, რომელიც ქართული მეხალიჩეობის ერთ-ერთ ყველაზე თვითმყოფად და არქაულ ჯგუფს წარმოადგენს. ფარდაგს მთაში მრავალი ფუნქცია ჰქონდა, მაგალითად, ის განუყოფელი ნაწილი იყო ქალიშვილების მზითევისა, როგორც კერისა და სიცოცხლის სიმბოლო. მეცნიერთა აზრით, განუმეორებელი თუშური ფარდაგების საიდუმლო დამალულია მის ფერთა და ორნამენტთა სრულყოფილ ბალანსში. თუშურ ფარდაგს ახასიათბეს თავშეკავებული კოლორიტი და მკაცრი გეომეტრიზმი, რომლებიც ისეა გადანაწილებული, რომ ქმნის დინამიკური და სტატიკური მოტივების ურთიერთშეპირისპირებას. ღებვისა და ფარდაგების ქსოვის გარდა რეწვაში მნიშვნელოვანია მატყლის თელვა. თუშეთში მოთელილ ნებისმიერ ნაწარმს ’’ნაბადს’’ უწოდებენ და მათ სხვადასხვა დანიშნულებისათვის ამზადებენ. ნაბდის დასათელად მხოლოდ შემოდგომის ’’გრძლოვან“, ანუ გრძელბეწვა მატყლს იყენებდნენ. ნაბადი გაზაფხულზე ან ადრეულ შემოდგომაზე ითელება, თბილი და მზიანი ამინდების ფონზე, თუ ნაბადი „გაცივდა“ აღარ დაითელება. თუშეთში ნაბდის თელვის საიდუმლოს მხოლოდ ქალები ფლობდნენ. დღემდე თელვასა და ხელსაქმეს რიტუალური და სოციალური დანიშნულებაც აქვს. იკრიბებიან თუში ქალები მრგვალი მაგიდის გარშემო, რომელზეც ითელება მატყლი, ხურჯინიდან ამოღებული ჩხირებით იქსოვება წინდა და ხელთათმანი; განსაკუთრებით ხელგაწაფული ოსტატები აგვირისტებენ ჩითებს – სპეციალურ ნაქსოვ ფეხსაცმელს, რომლებიც თუშური მდელოებივით ათასფეროვანია; ვიღაც გარმონსაც ჩამოკრავს, და იქმნება, თუში ქალების ხელებით, ცხვრის მატყლისგან დართული უნიკალური ფერადი სამყარო.
ქარვაში მოქცეული საიდუმლო – ახმეტის ღვინო
8000 წლიანი უწყვეტი რთველი – ასე იწყება საქართველოს ტერიტორიაზე ღვინის თავგადასავალი. არქეოლოგიური მასალის საფუძველზე, საქართველო ღვინის სამშობლოა, რომლის ნიადაგმა 525-ზე მეტი ვაზის ადგილობრივი ჯიში გამოზარდა. ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული წესი კი უნიკალურ ფენომენად იქნა აღიარებული. თავად საქართველოს რუკაზე კი ახმეტის მუნიციპალიტეტია მონიშნული, როგორც ქართული ღვინის ოქროს საბადო. სამი მდინარის, ორვილის, ილტოს და ალაზნის შესაყარზე მოკალათებული ახმეტა გამორჩეული მიკრო კლიმატით ხასიათდება, მის ნოყიერ ნიადაგებზე განფენილი ვენახები კი, სექტემბრის ბოლოს, არაჩვეულბრივ ქარვისფერ მოსავალს აძლევს მეღვინეებს. ახმეტის მიწებზე მოსულ მრავალფეროვან ვაზის ჯიშებს შორის ოდითგანვე გამოირჩეოდა მწვანე კახური, ერთ-ერთი უძველესი ქართული საღვინე ჯიში, რომელიც რქაწითელზე ადრე უნდა ჩამოყალიბებულიყო. ახმეტური ღვინოების მრავალფეროვან ნუსხას, ორიოდე წლის წინ, კიდევ ერთი დასახელება შეემატა, ქარვისფერი, უმაღლესი ხარისხის ღვინო “ახმეტა”, (ახმეტის მწვანე). ის მზადდება მკაცრად ახმეტის მიკროზონაში მოწეული კახური მწვანის ჯიშის ყურძნიდან და სრულად გამოხატავს და ირეკლავს მისი უნიკალური თვისებების თაიგულს. დღეს ღვინო „ახმეტა“ ამ რეგიონის ერთპიროვნული საიმაყეა, რომელიც ნელ-ნელა იწყებს მსოფლიოს გაცნობას. ხიხვი კიდევ ერთი გამორჩეული ჯიშია, რომელიც რეგიონში „ჯანანურას“ სახელითაა ცნობილი. ის ნაკლებად გავრცელებული, ქართული ადგილობრივი თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. როგორც წესი, ხიხვისგან მაღალი ხარისხის ღვინო მზადდება, რომელიც სავსე და სხეულიანია, გაჯერებულია ტანინებით და აქვს შესანიშნავი ტექსტურა და მდიდარი გემო. ახმეტის მიწებზე უძველესი დროიდან კიდევ ერთი ყურძნის ჯიში ყვაოდა – ქისი. მას უცნაური თავგადასავალი აქვს, იგი XX საუკუნის დასაწყისში მთლიანად დაკარგულად ითვლებოდა და მხოლოდ შემთხვევითობის წყალობით დაიბადა ხელმეორედ, XXI საუკუნეში კი ნენ-ნელა იბრუნებს ძველ დიდებას. ქისი საკმაოდ მცირემოსავლიანი ჯიშია, რაც კიდევ უფრო ზრდის მის ფასს. ის ძირითადად ახმეტის რაიონში მოდის, არგოხსა და ბაბანეურში, მაგრამ მის მთავარ საბადოდ სოფელი მაღრაანი ითვლება. მას “მაღრაანულ ქისსაც” უწოდებენ და შეიძლება ითქვას, მაღრაანი ქისის არაოფიციალური მიკროზონაა. ამ მიდამოებში გაშენებულ ვენახებს კავკასიონის ქედი იცავს ძლიერი ქარებისაგან, ბაბანერის ნაკრძალიდან მომავალი გრილი ნაკადები აგრილებს ცხელ ზაფხულში, მიკროზონის სამხრეთით მიქცეული სავარგულები კი ყურძენს ზომიერად ჟღინთავს მზით და ყურძენი თანაბრად და იდეალურად მწიფდება. მაღრაანის გეომეტრიულ ვენახებში ხელით დაკრეფილი ყურძნით დგება დაუვიწყარი არომატისა და გემოს ღვინო – „მაღრაანული ქისი“. მისი მსუყე შეფერილობა კი მერყეობს მუქი ოქროსფერიდან, – მაღრაანის ვენახებში ჩამავალი მზის ანარეკლივით,- მუქ ქარვისფერამდე, რომელიც უყვება და უცოცხლებს მივიწყებული და ხელახლა დაბადებული ყურძნის ისტორიის ამბავს თავის დამგემოვნებელს.