კვეტერის ციხე-ქალაქის ისტორია
ისტორიული ციხე-ქალაქი კვეტერას სახელი წყაროებში პირველად XI საუკუნეში ტივტივდება, თუმცა ვახუშტი ბატონიშვილის კვლევების მიხედვით, მისი განვითარება ჯერ კიდევ VIII საუკუნეში უნდა დაწყებულიყო. შესაბამისად 1010-1037 წლებში, როდესაც კახეთ-ჰერეთის ტერიტორია შვიდ საერისთავოდ დაიყო, კვეტერა უკვე წამყვან როლს თამაშობდა რეგიონში. ციხე-ქალაქი რთულად მისადგომ მთის წვერზეა აგებული, მდინარე ილტოს მარჯვენა ნაპირზე. ამ წერტილიდან ხელისგულივით მოჩანდა ალაზნის ველსა და მთის რეგიონებს შორის გამავალი გზები, და შესაძლებელი იყო მათი სრულად კონტროლი. სახარბიელო გეოგრაფიული მახასიათებელი ციხე-ქალაქს სტრატეგიულ უპირატესობასაც ანიჭებდა. ის თავის თავზე იღებდა ჩრდილოეთიდან მომავალი შემოტევების მოულოდნელ დარტყმას და, შესაბამისად, მთელს შიდა რეგიონს არიდებდა გარდაუვალ საფრთხეს. ასეთმა სტრატეგიულმა მდებარეობამ კვეტერა ნელ-ნელა გადააქცია კახეთის სამთავროს (შემდგომში სამეფოს) ერთ-ერთ უმთავრეს ცენტრად. კვეტერის გრანდიოზული ნანგრევები მთაზეა განფენილი, გარს არტყია რიყისა და ფლეთილი ქვით ნაგები გალავანი, რომლის კედლებში დატანებულია კონტრფორსები, მრგვალი და ოთხკუთხა კოშკები, ხის საბრძოლო ბაქნები. მთლიანი ციხე- ქალაქი იყოფა ქვედა და შიდა ციხეებად, მათ შორის დონეთა სხვაობა 35 მეტრია. ციხის ყველაზე მაღალი, დავაკებული ადგილი უჭირავს შიდა ციხეს – ციტადელს, რომელიც დაახლოებით 3500 კვმ-ია გადაჭიმული. ციტადელი თავის გალავნის კედელბში ითავსებს სასახლეს, დარბაზულ ეკლესიას, სამეურნეო დანიშნულების სათავსებს, წყალსაცავის ნაშთებს. ციტადელის ცენტრში კი, უშველებელ მინდორზე დგას კვეტერას გული – X საუკუნის გუმბათოვანი მინიატურული ეკლესია, მონუმენტური სიდიადით, რომელიც დღემდე რჩება ქართული კულტურის უნიკალურ ქმნილებად. მცირე ზომის ტაძარი გეგმაში წარმოადგენს ჯვარს ოთხი აფსიდით, დაგვირგვინებულია გუმბათით, რომელშიც მიჯრით არის ამოჭრილი ექვსი თაღოვანი სარკმელი. შუასაუკუნეების უცნობი ხუროთმოძღვარი თითქმის არ იყენებს მორთულობას, ინარჩუნებს სრულ სისადავეს, მინიმალისტურ სტილს, თუმცა შიშველი კონსტრუქციისა და განათების გადათამაშებით აღწევს განუმეორებელ მხატვრულ ეფექტს. შირიმის ქვაში მოპირკეთებული მოყვითალო კედლების დაგვირგვინება ლაზურისფერი მოჭიქული კრამიტის სახურავით – კვეტერას ტაძარს აქცევს სრულყოფილ ქვათა ჰარმონიად, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო. 1968 წელს კვეტერაში ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა, გარდა ძირითადი ისტორიულ-კულტურულ და სამხედრო მემკვიდრეობისა, გამოამზეურა ციხის ტერიტორიაზე აღმოჩენილი უამრავი მინის ჭურჭელი, მოჭიქული კრამიტი, ფაიანსის ნატეხები, სამაჯურები, სპილენძის მონეტები, ასევე მეთუნეობასთან დაკავშირებული საგნების კვალი, რაც მოწმობს, რომ შუა საუკუნეებში, კვეტერას საკუთარი სამეთუნეო წარმოებაც ჰქონდა განვითარებული. საქალაქო ცხოვრების კვალი კვეტერაში XIII საუკუნიდან ისპობა და გვიანდელი ხანის წყაროებში იგი აღარ იხსენიება. თუმცა იმ რამდენიმე საუკუნის განმავლობაში როცა კვეტერა თავის ოქროს ხანას ითვლიდა, ქვეყნის მთავარი მაჯისცემა სწორედ მისი გალავნის შიგნით სცემდა და ძერწავდა რეგიონის ისტორიულ, კულტურულ, სამხედრო თუ ეკონომიკურ მემკვიდრეობას.