სიმარტოვის მისტერია – ცხვრის გადარეკვა

საუკუნეთა წრე-ბრუნვაში თუშეთის მაღალ მთებში გამოიძერწა ცხვრის გადარეკვის უნიკლაური ტრადიცია, რომელმაც განაგო თუშთა ცხოვრების განსაკუთრებული წესი, და სამუდამოდ დაუკავშირა ერთმანეთს სამი ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი: თუშეთი – ალვანი – და შირაქ-სამუხის ველი. სამი წერტილისგან, რომელთა შორის დაშორება დაახლობით 200-300 კილომეტრია, შეიკრა უნიკალური გეოგრაფიული სამკუთხედი. ამ სამკუთხედში მეცხვარეებისა და ცხვრის მოგზაურობა დაახლოებით  4-4-4 თვიანი წლიური ციკლით განისაზღვრებოდა: ოთხი თვე თუშეთში, ოთხი თვე კახეთის სოფლებზე გამავალ ცხვრის სამიგრაციო ტრასებზე,  და ოთხი თვე შირაქ-სამუხის ზამთრის საძოვრებზე. ამ მომთაბარე ცხოვრების წესმა თუშებს დაუმკვიდრა სამგან მაცხოვრებელი ტომის სახელწოდება.  ეს წრიული მოგზაურობა გვიან გაზაფხულზე იწყება, თუშთა ველებზე. ზღვის დონიდან 1900 – 3200 მეტრის სიმაღლეზე გადაშლილი მდელოები ნოყიერია და გაჟღენთილია უნიკალური მინერალებით. თუშეთის საძოვრების სტრუქტურა და შემადგენლობა იცვლება სიმაღლესთან და ექსპოზიციასთან ერთად. იქაური ბალახი ხან ტენიანია,  ხან სველი, ან სულაც უიშვიათესი ვაციწვერიანი, რაც ოდითგანვე ხელს უწყობდა განსაკუთრებით ძვირფასი ცხვრის განვითარებას, რომელიც ითვლებოდა და დღემდე ითვლება კავკასიაში საუკეთესოდ. ზაფხულის მზის ქვეშ, მწვანე ფერდობებზე  შეფენილი თეთრი ცხვარი, ფარის ერთგული მცველი -კავკასიური ნაგაზი,  და მათ უკან მიმავალი მწყემსის სილუეტი საუკუნეების განმავლობაში არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობის სურათ-ხატად იქცა, რომელიც თუშეთის იდენტობას ასახავს. როდესაც მთაში პირველად შეტყდება ჰაერი, ყვითელი შეეპარება არყის კორომებს, და ჯანღი დაიწყებს ამოსვლას ხევებიდან, მწყემსი დაიწყებს ცხვრის გადარეკვის მისტერიას.  ასე იწყება ცხოველთა უდიდესი მიგრაცია ევროპაში. თუშთა მწვერვალებს ორი კვირის განმავლობაში ტოვებს  40-50 ათასი ცხვარი, 8 ათასამდე ძროხა, 500 ცხენი და ამდენივე ნაგაზი ძაღლი. გადასერავენ კახეთის სოფლებზე გამავალ ცხვრის სამიგრაციო ტრასებს, შეისვენებენ და საბოლოოდ გამოსაზამთრებლად დაიდებენ ბინას  შირაქ-სამუხის ზამთრის საძოვრებზე. ცხვრის გადარეკვის განმეორებადი რუტინა, გარდა ეკონიმიკური საქმიანობისა, ბიძგს აძლევდა ახალი კულტურული დიალოგების წამოწყებას, ტრადიციების გაზიარებას მწყემსებსა და გზად შემხვედრ ადგილობრივებს შორის. თუში მეცხვარე ნელნელა გახდა სამყაროთა დამაკავშირებელი მედიუმი, რომელიც ამავე დროს ფუტკარივით მხოლოდ კეთილშობილი დოვლათის შემქმენლი იყო. გარდა უშუალოდ ცხვრისა, ის გარემოს აძლევდა გუდის ყველს, ხორცს, რეწვისთვის იძლეოდა მატყლს, თექას, ძაფს. თუმცა გარდა სოციალური, კულტურული და ეკონომიკური ტრადიციისა, ცხვრის გადარეკვა ასევე პიროვნული განვითარების საუკუნოვანი გამოცდილებაა. გადარეკვა სიმარტოვის, სიმამაცის და რაც მთავარია, წანაპრების მიერ გადმოცემული ისტორიების, ლეგენდების და საკუთარი ფესვების გაცნობისა და მათთან ზიარების მისტერიაა.