ქვაში მოთხრობილი ისტორია

წერილობითი ისტორიის გარდა, ახმეტის რეგიონის კიდევ ერთი უტყუარი მემატიანე, ქვაში ნაძერწი ისტორიაა. მიწის ყოველ გოჯზე, გაშლილ ვაკესა თუ მიუვალ მწვერვალზე დატოვებულია ქვის ანაბეჭდები – უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ნამოსახლარები, ტაძრები, ციხე-სიმაგრეები, საცხოვრისები, რომლებიც ასახავენ სხვადასხვა ეპოქების გამოძახილსა და შემოქმედებით ისტორიას.  

„დევების ნასადგომარი”

ახმეტური მოგზაურობის ათვლა დროსა და სივრცეში მდინარე მატნისხევის ნაპირებზე გაშენებული სოფელი მატანიდან იწყება, სადაც არქეოლოგიური გათხრების საფუძველზე რეგიონის ერთ-ერთი უძველესი ნასახლარი ამოტივტივდა. 2012 წელს, სოფლის სიახლოვეს, ძნელად მისადგომ მაღლობზე, დაბურულ ტყეში, მიწის ქვეშ იპოვეს ციკლოპური დასახლების ნაშთები – „დევების ნასადგომარი”. ეს ნაგებობები ჩვენს წელთაღრიცხვამდე III-IV ათასწლეულით თარიღდება და მეგალითურ კულტურას განეკუთვნება. მეგალითები უძველესი ცივილიზაციის უზარმაზარი ლოდებისგან შექმნილი სხვადასხვა საკულტო, თუ საყოფაცხოვრებო დანიშნულების შენობებია. მასიური ქვებით, მშრალად ნაგები ციხეების მშენებლობას ძველი ბერძნები მითოლოგიურ ციკლოპებს მიაწერდნენ, ქართულ ტრადიციაში კი, მათ შექმნას „დევებს“ უკავშირებდნენ და „დევების ნასადგომრად“ მოიხსენიებენ.

ერელაანთ საყდარი

უძველესი ციკლოპური დასახლებიდან სულ სამიოდე კილომეტრში, სოფლის სამხრეთ-დასავლეთით, ე.წ „ერელაანთ მამულების“ გაშლილ მინდორზე, დგას ადრექრისტიანული ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი პირველი და ყველაზე გამორჩეული მონუმენტი – ერელაანთ საყდარი. V-VI საუკუნის შედევრი, ღვთისმშობლის სახელზე ნაგები ჯვარგუმბათოვანი მინიატურული ნაგებობაა. ტაძარი აგებულია რიყის ქვითა და უსწორმასწორო კირქვის ფილებით, ტაძრის შიგნით კი, მონუმენტურ კედლებზე შემორჩენილია ფრესკების ფრაგმენტები.  ამ ფრანგმენტებს შორის იკითხება მოწითალო ფერის ხაზოვანი ჩრდილები – ხელწერა, რომელიც გვიანდელი შუა საუკუნეების ცნობილ „ხალხური“ მხატვრობის ჯგუფს მიეწეროებოდა. აღნიშნული მხატვრული სტილისთვის დამახასიათებელი იყო უჩვეულოდ თავისუფალი მონასმი, რაც თავის მხრივ დაუვიწყარ გამომსახველობას აძლევდა კედელზე დახატულ სახეებს.  

მატნის ცხრაკარას მონასტერი

V – VIII საუკუნეების ცხრაკარას არქიტექტურა უიშვიათესია:  რიყის ქვითა და შირიმით ნაგები რამდენიმე ეკლესია ერთმანეთს მიჯრით ერწყმის და ქმნის ერთ მთლიან ქსოვილს. კომპლექსი თავის მრავალფეროვანი თაღებით, არქიტექტურული გადაჯაჭვებით, შემორჩენილი მოხატულობით, თუ მიწისქვეშა სათავსოებით, იმდენად შთამბეჭდავია, რომ 21 საუკუნეში მას ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. 

მატნის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია

XVI საუკუნისა გუმბათოვანი ტაძარი, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებით დახვეწილი არქიტექტურით. გუმბათის ყელი და პირამიდული გადახურვა აგურისაა, ნაგებია რიყის ქვით და მოპირკეთებულია ადგილობრივი შირიმის ქვის ფილებით. ეკლესიას სამი შესასვლელი აქვს – სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან, და დგას თავაწეული, ძნელად მისადგომ მაღლობზე ტყეში ჩაფლული. 
სოფელი მატანის მსგავსად, მთელი ახმეტის მუნიციპალიტეტი დახუნძლულია მრავალფეროვანი ტაძრებით, იქნება ეს VIII-IX საუკუნეების ფიჩხოვანის ნათლისმცემლის ეკლესია, არგოხის ყველაწმინდის დარბაზული ტაძარი, ალვანის ნათლისმცემლის ეკლესია,  ოჟიოს სამების ეკლესია, თუ მრავალი სხვა. ამ ჩამონათვალში აღსანიშნავია კიდევ ერთი ადრექრისტიანული ხანის შედევრი:

ახმეტის ღვთაების სამონასტრო კომპლექსი

ქალაქ ახმეტის ჩრდილოეთით განფენილია VI საუკუნის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც დღეს სანახევროდ არის შემორჩენილი, თუმცა მის კედლებში მკაფიოდ იკითხება ადრექრისტიანული ძეგლების დიდების კვალი. კომპლექსის მთავარ ცენტრს,  ღვთაების სახელზე ნაგებ სამნავიან ბაზილიკას გვერდს უმშვენებდნენ დარბაზული სტილის ეკლესია, უშველებელი მარანი, ორსართულიანი სასახლე და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები. მთლიანი კომპლექსი რიყისა და შირიმის ქვის ფილებით არის ნაგებია, ხოლო ნატიფად გამოთლილი თაღებისა და სვეტების ერთობლიობა მთლიან ძეგლს განსაკუთრებულ არქიტექტურული ღირებულებას სძენს.  გადმოცემის თანახმად სამონსტრო კომპლექსის დაარსება ლეგენდარულ 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთის, ანტონ მარტყოფელის სახელს უკავშირდება. სწორედ ეს ადგილი იყო წმინდა ბერის პირველსადგომი. სამონასტრო კომპლექსი VIII საუკუნის ჩათვლით ვრცელ საეპისკოპოსო ცენტრს წარმოადგენდა.
ახმეტის მიწებზე ნაგები ტაძრები, თუნდაც სულ პატარა, არასოდეს ყოფილან მხოლოდ ტაძრები. დაარსების დღიდან, ისინი, ერთგვარ ლოკომოტივის როლს ასრულებდნენ რეგიონის, მეტიც, მთლიანად ქვეყნის, სასულიერო, საგანმანათლებლო თუ კულტურულ განვითარებაში და ეს იდეა და შემოქმედებითი გამოცდილება ყველაზე თვალსაჩინოდ აირეკლა VIII-XI საუკუნეების კვეტერას ისტორიულ ციხე ქალაქში.

კვეტერა (კვეტარი, კუეტერი) – ციხე-ქალაქი გზაგასაყარზე

მდინარე ილტოს მარჯვენა ნაპირზე, ახმეტა-თიანეთის დამაკავშირებელი მაგისტრალის მარცხენა მხარეს, მთის წვერზე დგას ციხე-ქალაქის ნანგრევები და გადმოჰყურებს არე-მარეს, როგორც ოდესღაც, მისი შეუვალი გალავნის ქონგურებიდან, სადარაჯოზე მდგარი გუშაგები გადმოჰყურებდნენ ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს და ისტორიულ გზაგასაყარს. 
ისტორიული ციხე-ქალაქი კვეტერას სახელი წყაროებში პირველად XI საუკუნეში ტივტივდება, თუმცა ვახუშტი ბატონიშვილის კვლევების მიხედვით, მისი განვითარება ჯერ კიდევ VIII საუკუნეში უნდა დაწყებულიყო. შესაბამისად 1010-1037 წლებში, როდესაც კახეთ-ჰერეთის ტერიტორია შვიდ საერისთავოდ  დაიყო, კვეტერა უკვე წამყვან როლს თამაშობდა რეგიონში. ციხე-ქალაქი რთულად მისადგომ მთის წვერზე აეგოთ. ამ წერტილიდან ხელისგულივით მოჩანდა ალაზნის ველსა და მთის რეგიონებს შორის გამავალი გზები და შესაძლებელი იყო მათი სრულად კონტროლი. სახარბიელო გეოგრაფიული მახასიათებელი ციხე-ქალაქს სტრატეგიულ უპირატესობასაც ანიჭებდა. ის თავის თავზე იღებდა ჩრდილოეთიდან მომავალი შემოტევების მოულოდნელ დარტყმას და, შესაბამისად, მთელს შიდა რეგიონს არიდებდა გარდაუვალ საფრთხეს. ასეთმა სტრატეგიულმა მდებარეობამ კვეტერა ნელ-ნელა გადააქცია კახეთის სამთავროს  (შემდგომში სამეფოს) ერთ-ერთ უმთავრეს ცენტრად.
კვეტერის გრანდიოზული ნანგრევები მაღალ მთაზეა განფენილი, გარს არტყია რიყისა და ფლეთილი ქვით ნაგები გალავანი, რომლის კედლებში დატანებულია კონტრფორსები, მრგვალი და ოთხკუთხა კოშკები, ხის საბრძოლო ბაქნები. მთლიანად ციხე ქალაქი იყოფა  ქვედა და შიდა ციხეებად, მათ შორის დონეთა სხვაობა 35 მეტრია. ციხის ყველაზე მაღალი, დავაკებული ადგილი უჭირავს შიდა ციხეს – ციტადელს. რომელიც დაახლოებით 3500 კვმ-ზეა გადაჭიმული. ციტადელი თავის გალავნის კედელბში ითავსებს სასახლეს, დარბაზულ ეკლესიას, სამეურნეო დანიშნულების სათავსებს, წყალსაცავის ნაშთებს. ციტადელის ცენტრში კი, უშველებელ მინდორზე დგას კვეტერას გული – X საუკუნის გუმბათოვანი მინიატურული ეკლესია, მონუმენტური სიდიადით, რომელიც დღემდე რჩება ქართული კულტურის უნიკალურ ქმნილებად.  მცირე ზომის ტაძარი გეგმაში წარმოადგენს ჯვარს ოთხი აფსიდით, დაგვირგვინებულია გუმბათით, რომლის ყელი დანაწევრებულია ერთმანეთზე გადმომჯდარი თაღების სისტემით და ნათდება, გუმბათში მიჯრით ამოჭრილი ექვსი განუმეორებელი თაღოვანი სარკმლით. შუასაუკუნეების უცნობი ხუროთმოძღვარი თითქმის არ იყენებს მორთულობას,  ინარჩუნებს სრულ სისადავეს, მინიმალისტურ სტილს, თუმცა შიშველი კონსტრუქციისა და განათების გადათამაშებით აღწევს განუმეორებელ მხატვრულ ეფექტს. შირიმის ქვაში მოპირკეთებული მოყვითალო კედლების დაგვირგვინება ლაზურისფერი მოჭიქული კრამიტის სახურავით – კვეტერას ტაძარს აქცევს სრულყოფილ ქვათა ჰარმონიად, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო. 
1968 წელს კვეტერაში ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა, გარდა ძირითადი ისტორიულ-კულტურულ და სამხედრო მემკვიდრეობისა, გამოამზეურა ციხის ტერიტორიაზე აღმოჩენილი უამრავი მინის ჭურჭელი, მოჭიქული კრამიტი, ფაიანსის ნატეხები, სამაჯურები, სპილენძის მონეტები, ასევე მეთუნეობასთან დაკავშირებული საგნების კვალი, რაც მოწმობს, რომ შუა საუკუნეებში, კვეტერას საკუთარი სამეთუნეო წარმოებაც ჰქონდა განვითარებული. საქალაქო ცხოვრების კვალი კვეტერაში XIII საუკუნიდან ისპობა და გვიანდელი ხანის წყაროებში იგი აღარ იხსენიება. თუმცა იმ რამდენიმე საუკუნის განმავლობაში როცა კვეტერა თავის ოქროს ხანას ითვლიდა, ქვეყნის მთავარი მაჯისცემა სწორედ მისი გალავნის შიგნით სცემდა და ძერწავდა რეგიონის ისტორიულ, კულტურულ, სამხედრო თუ ეკონომიკურ მემკვიდრეობას.  
კვეტერაში დაწყებული აღორძინება საბოლოოდ ჰპოვებს თავის რენესანს და იდგამს გვირგვინს XI საუკუნეში, როდესაც პირველად იკურთხება ქართული ისტორიის, კულტურისა და რელიგიის ქვაკუთხედი, ტაძარი –  იდეა – ალავერდი. კავკასიონის დათოვლილი მწვერვალების ფონზე, ალაზნის უკიდეგანო ველზე აღმართული არქიტექტურული სრულყოფილებით გამორჩეული ნაგებობა იწყებს თავის სიცოცხლეს და დიდწილად განსაზღვრავს ქვეყნის მომავალი განვითარების ტრაექტორიას.  

ალავერდი – ქართული სულიერი მემკვიდრეობის საგანძური

ჯერ კიდევ VI საუკუნეში,  კახეთის მიწებზე ქადაგებდა იოსებ ალავერდელი, ლეგენდარულ 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთი. სწორედ მან ააგო ამ ველზე წმინდა გიორგის სახელზე პატარა სამოლოცველო. მას შემდეგ არა ერთმა ისტორიულმა ქარბორბალამ გადაიარა ამ მიწების თავს, რაც საბოლოოდ ქართულ სამთავროთა გაერთიანების გარდაუვალ პროცესში გადაიზარდა.  ამ პროცესს მოჰყვა ქართული ხუროთმოძღვრული, იდეური და კონცეპტუალური რევოლუცია, და X-XI საუკუნეების მიჯნაზე, 50 წლის შუალედში, თითქმის ერთდროულად აიგო: ბედიის ტაძარი აფხაზეთში, ბაგრატის ტაძარი – ქუთაისში, სვეტიცხოველი – მცხეთაში, ოშკი – ტაო-კლარჯეთში. ხოლო ახმეტის მიწებზე, იოსებ ალავერდელის ეკლესიის საფუძველზე, კახთა მეფე კვირიკეს დროს, XI საუკუნის დასაწყისში, აიგო ტაძარი ალავერდისა.    
ახალი ტაძრის მასშტაბი და არქიტექტურული გადაწყვეტა იმდენად გრანდიოზული იყო და ახალ სიტყვას ამბობდა  ხუროთმოძღვრებაში, რომ მაშინვე გამორჩეული ადგილი დაიკავა როგორც საქართველოს, ასევე კავკასიის არქიტექტურულ სივრცეში. იგი ერთ-ერთი უდიდესი ტაძარია საქართველოში, მისი სიმაღლე გუმბათიანად – 50 მ-ს აღემატება. ნაგებია რიყის ქვით. კედლები შიგნით და გარედან მოპირკეთებულია შირიმის კვადრებით. ტაძრის გეგმას საფუძვლად უდევს ტრიკონქი. ტაძრის ფასადების დეკორი ძალზე თავშეკავებულია, უზარმაზარი კედლის სიბრტყეები მხოლოდ თაღებითა და ნიშებითაა დანაწევრებული და თითქოს, ჯვრის სახე მიწის დონეზე კი არ ისახება, არამედ სივრცეში იქმნება, შენობის მასებით. განსაკუთრებელია ინტერიერის სივრცობრივი აღქმაც, რომელსაც ქმნის არა მარტო სიმაღლე, არამედ ძირითად ნაწილთა იდეალური ურთიერთშეფარდება. ტაძრის კედლებს ლივლივით  ედება გუმბათის ყელის 16 სარკმლიდან უხვად შემოსული სინათლე.  ეკლესია გარედან არანაკლებ გრანდიოზულ შთაბეჭდილებას ტოვებს, განსაკუთრებით იგრძნობა კახური ძეგლებისთვის დამახასიათებელი ტენდენცია – პროპორციების აზიდულობა, ვერტიკალის ხაზგასმა და მონუმენტური ფასადების ძუნწი მორთულობა, რომელსაც ყურადღება გადააქვს მთავარზე – სიდიადეზე. ნაგებობა გადახურული ყოფილა ცისფრად მოჭიქული დიდი ზომის კრამიტის ფილებით, რომელთა ფრაგმენტები დღემდეა შემორჩენილი.  ტაძარში შემორჩენილია უნიკალური მხატვრობის ფრაგმენტები, როგორც  უძველესი XI, ასევე XV -XVII საუკუნეების მოხატულობის ფენები. მხატვრობის ძირითადი ტონებია ბაცი ვარდისფერი, შინდისფერი, თეთრი, ნაცრისფერი, ოქრა.  
კურთხევის დღიდან, ალავერდმა ისტორიულად უმნიშვნელოვანესი როლი იტვირთა საქართველოს ცხოვრებაში.  ეს არ იყო მხოლოდ სასულიერო და პოლიტიკური როლი, არამედ ის გახდა გამწევი ძალა კულტურული, ლიტერატურული და სახელოვნებო პორცესებისა რეგიონსა და ქვეყანაში. ალავერდში დაარსდა სასწავლებელი და საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც სწავლობდნენ და მოღვაწეობდნენ ცნობილი ქართველი მეცნიერები და ფილოსოფოსები. მონასტერი იქცა ლიტერატურულ კერად, თავისი უძვირფასესი ბიბლიოთეკით, სადაც  მიწიერი სამოთხე ჰქონდათ შექმნილი ქართველ მწერლებს, კალიგრაფებსა და მწიგნობრებს. აქ მოღვაწეობდნენ ფილიპე ალავერდელი ( XVI- XVII სს ), ზებედე მთავარეპისკოპოსი ( XVIII ს. ), ნიკიფორე ირბახი ( XVIII ს. ), მარიამ-მაკრინე ბაგრატიონი ( XVIII ს. ) და სხვ. 
ალავერდის მონასტერს უკავშირდება კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კულტურის განვითარება – რომელიც ამ სავანაში ხელოვნების უმაღლეს დონეზე იქნა აყვანილი – ეს ალავერდული მევენახეობა და ღვინის წარმოებაა. თავად ტაძარში, საკურთხევლის მიმდებარე ბურჯებზე ჩაქსოვილია ნახატი-ორნამენტი – ვაზის ხვეულებში ჩაწერილი დიდი ზომის ყურძნის მტევნების რიგი. ეს ნახატ-ხატიც ადასტურებს, თუ რა მნიშნველობა ენიჭებოდა ოდითგანვე ღვინის წარმოებას. მონასტრის საწნახლებსა და მარნებში ჩამარხულ ქვევრებში, საუკუნეების განმავლობაში განსაკუთრებული საიდუმლო წესით აყენებდნენ შავებში შემოსილი ბერები ღვინოს.
ალავერდი და მისი მამულები მასპინძლობდა საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ დღესასწაულს – ალავერდობას, რომელიც ყოველი წლის სექტემბრის ბოლოს იწყებოდა და სამ კვირას გრძელდებოდა. დღესასწაულზე, რეგიონის სხვადასხვა კუთხეებიდან 15–20 ათასამდე მომლოცველი იყრიდა თავს. დაარსების დღიდან ალავერდის სამონასტრო კომპლექსს არასოდეს შეუწყვეტია განვითარება, შედეგად მისი გალავნის შიგნით მოქცეულია სხვადასხვა დროს აგებული არა ერთი მნიშვნელოვანი ნაგებობა: ალაზნის ველზე აღმართული სამრეკლო, პალატი, ფეიქარ-ხანის სასახლე, აბანო, საღვინე სათავსოები, მარანი, და რაც მთავარია, ალავერდის წმ. გიორგის საკათედრო ტაძარი, რომლის ფესვებში განისვენებენ ქართველი მეფეები და თავად იოსებ ალავერდელი; აქ დღესაც ელიან მომლოცველებს და მნახველებს და უზიარებენ მათ ამ მიწებზე განვითარებული მრავალსაუკუნოვანი სიცოცხლის უწყევტ ისტორიას.   

საჩინო – ბრწყინვალე ეპოქის ბრწყინვალე მემკვიდრეობა

ღვთისმშობლის სახელობის ულამაზესი ჯვარგუმბათოვანი ტაძარი სოფელ ახალდაბიდან სამხრეთით, მაღალი მთის წვერზეა აღმართული. ტაძარი XIV საუკუნის პირველ ნახევარშია აგებული და მდიდარი ხუროთმოძღვრული გადაწყვეტით სავსებით ესადაგება გიორგი V-ის (1314-1346წწ) ბრწყინვალე ეპოქას. ტაძრის სიმაღლე დაახლოებით 40 მეტრს აღწევს და გარეფასადი მთლიანად შირიმის ფილების პერანგითაა დაფარული, ხოლო ინტერიერის სამშენებლო მასალად, როგორც შირიმის თლილი კვადრები, ასე რიყის ქვა და აგურია გამოყენებული. გეგმით კვადრატულ ეკლესიას სამი შესასვლელი ჰქონია; დასავლეთის კარი დღემდე მოქმედია, ხოლო სამხრეთისა და ჩრდილოეთის კარი, დროთა მდინარებით და სხვადასხავ ისტორიული მოვლენებით აღარ ფუნქციონირებს. ტაძრის სადიაკვნეში, მოწყობილია კიბე – სამკვეთლოსა და სადიაკვნეს თავზე არსებულ ოთახებში ასასვლელად. აღმოსავლეთ ფასადის ზედა წელზე შემორჩენილია ოთხ სტრიქონიანი ასომთავრული, სადაც იხსენიება ზურაბ საგინის ძე, როგორც ჩანს, ტაძრის ქტიტორი. სამეცნიერო ლიტერატურაში ეს ტაძარი ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შერქმეული საჩინოგორის, ან უბრალოდ, საჩინოს ეკლესიის სახელით არის შესული. სავარაუდოდ სახელდება ეკლესიას მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე უნდა გასჩენოდა, იგი მაღალი, სტრატეგიული მნიშვნელობის მთის მოვაკებულ ადგილს იკავებს, რომლის გარშემო მრავალი ნამოსახლარი, ნაციხარი და ეკლესიაა. ეს მთა ალაზნის ვაკის მნიშვნელოვან პერიმეტრს აკონტროლებდა და თავისმხრივ, თვითონაც თვალსაჩინოდ მოჩანდა დაბლობიდან. 
ეკლესია-მონასტრების გარდა, ახმეტის მიწები ასევე ასახავს საცხოვრისების, კოშკებისა და ციხე-სიმაგრეების მრავალრიცხოვან ანათვალს. გვიანი შუასაუკუნეებიდან მოყოლებული ახმეტის ტერიტორიაზე სულ უფრო მატულობს ნამდვილი საფორტიფიკაციო მოხაზულობები.  ზოგადად ახმეტის არქიტექტურა თვალნათლივ ყვება ქვეყნის ტურბულენტურ ისტორიულ წარსულს და ამ ორომტრიალში სასიცოცლო ციკლის შენარჩუნებისა და უნიკალური კულტურის შექმნის ამბავს.  ზუსტად ასეთი დროის ამსახველი ნიმუშია გამორჩეული და იშვიათი არქიტექტურული ფენომენი, რომელსაც კოშკ-მარანი ეწოდება.

კოშკ-მარანი
ზემო ხოდაშენის მონასტრის ეზოში აღმართულია უცნაური ნაგებობა. ეკლესიაზე დატოვებული წარწერის მიხედვით „მარანი ციხით“ აუგია ათონის ფილოთეოსის მონასტრისადმი შეწირულ ხოდაშნის მამულის და ზღვრების გამგებელს, კოზმან ბერს 1760-1784 წლებში. კოშკ-მარანი სამსართულიანი ნაგებობაა, შედგება ორი არათანაბარი ნაწილისაგან, რომლებიც ერთმანეთზეა მიშენებული და ქმნიან ერთიან მასივს. ის ერთდროულად წარმოადგენს: საბრძოლო ნაგებობას, ქონგურებითა და სათოფურებით, ბერის საცხოვრისს და მარანს, საწნახლებითა და მიწაში ჩაფლული ოცზე მეტი ქვევრით; აღსანიშნავია კოშკ-მარნის იშვიათი საწნახელი. ის ორ ნაწილადაა გაყოფილი და შესაძლოა, ორი განსხვავებული ღვინის, მაგალითად, საფერავისა და რქაწითლის ერთდროულად დაწურვა. კოშკ-მარანი მევენახეობის თვალსაზრისით ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ადგილას მდებარეობდა, სადაც გადაშლილი იყო ძველ დროში დიდად სახეგანთქმული ვენახები – „ბერების ზვრების“. 

პანკისის ციხე

ახმეტის ციხეების ხსენებისას ყოველთვის ტივტივდება ერთი სახელი, რომლის ნანგრევები დღემდე ამაყად დგას მაღალ მთაზე და გადმოჰყურებს შეუდარებელ პანკისის ხეობას. ეს პანკისის, იგივე თორღვასი, ან მარღაანის ციხეა. ეს ფორტიფიკაცია შემორჩენილი სამი სახელითაც და გალავნის უმსხვილესი კედლებით ამტკიცებს, რამდენად მნიშვნელოვანი თავდაცვითი ცენტრი უნდა ყოფილიყო.  ისტორიული წყაროების მიხედვით, პანკისის ციხე ხელიდან ხელში გადადიოდა, როგორც ძალაუფლების სიმბოლო. იგი განვითარებულ შუა საუკუნეებში პანკისის საერისთავოს ცენტრი იყო და როგორც მეხამრიდი, ხშირად ხვდებოდა რეგიონში წარმოებული ომების ქარცეცხლში.

ჩოლოყაშვილების ციხე-დარბაზი.  ახმეტის დასავლეთით, უტოს უბანში, ჩოლოყაშვილების საგვარეულო ციხე დგას,  რომლის ეზოში აღუმართავთ სახელგანთქმული ჯვარპატიოსანის ეკლესია.  ტაძრის კედელზე ამოტვიფრული წარწერის მიხედვით, ციხესიმაგრე მეფის სახლთუხუცეს, გრიგოლ ჩოლოყაშვილს აუგია 1756 წელს. გადმოცემის თანახმად, შორეულ IV საუკუნეში, წმინდა ნინოს მეოხებით, ცხოველმყოფელი ხისგან სამი ჯვარი დამზადდა, ერთი მცხეთას აღმართეს, მეორე თხოთის მთას გადაასვენეს, მესამე კი უჯარმას დაევანა. სწორედ ეს ჯვარი იქნა გადმოსვენებული ჩოლოყაშვილების საგვარეული ციხის ეკლესიაში და ეწოდა სახელად ჯვარპატიოსანი. ეს რელიკვია, განსაკთრებულ სიძლიერესა და მნიშვნელობას სძენდა როგორც ეკლესიას, ისე მთლიანად საგვარეული ციხეს. მისი გალავანი სწორკუთხა უნდა ყოფილიყო და ოთხივე კუთხე ცილინდრული კოშკით გვირგვინდებოდა. დღეს მხოლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთის კოშკის ფრაგმენტებია შემორჩენილი. თუმცა სამსართულიანი ნაგებობის ნაშთებშიც კარგად იკითხება მთლიანი სტრუქტურის კვალი. აღსანიშნავია ბუხრისა და კედლის მხატვრობის ფრამგმენტები. ეს ფაქტი სრულიად უნიკალურს ხდის ამ კოშკს, რადგან, ფრესკული მხატვრობა ქართლ-კახეთის არცერთ სხვა კოშკში არ არის დაფიქსირებული. ციხის დასავლეთის მონაკვეთი მთლიანად მეპატრონის ორსართულიან საცხოვრებელ სახლს ეკავა. ასევე იდგა უშველებელი მარანი, მეორე მხარეს კი – თონე.   

ციხე ბახტრიონისა

ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზნისა და ილტოს შესართავთან, შემაღლებულ გორაზე შემორჩენილია ძველი ციხის ნაშთები. ეს საქართველოს ისტორიაში ლეგენდად ქცეული ბახტრიონის ციხეა, რომლის სახელის გარეშე დღეს არც ახმეტა მოიაზრება, და შესაძლებელია არც კახეთი და არც საქართველო ყოფილიყო. ბახტრიონის ციხე აგებული უნდა იყოს XVII საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს, ირანის შაჰის აბას II-ის ბრძანებით. აღნიშნულ პერიოდში, სპარსეთის შაჰი დაუფარავად ცდილობდა კახეთის სამეფოს სახანოდ გადაქცევას, საკუთარი კარმიდამოდან ასახლებდა ადგილობრივ კახ მოსახლეობას, მათ ნაცვლად კი ჩამოჰყავდა მომთაბარე – მეჯოგე ტომები,  რომელთა რიცხვმა  საბოლოოდ 80 ათას მიაღწია. სწორედ ამ პერიოდში სპარსელთა ბატონობის განსამტკიცებლად შაჰის ბრძანებით აიგო ბახტრიონის ციხე. არსებული ვითარება სრულ განადგურებას უწინასწარმეტყველებდა კახეთს, მთლიანად აღმოსავლეთ საქართველოს და მთის მოსახლეობას. კახეთის ველები თუ მიუვალი მთების მწვერვალები, გლეხთა სახლები თუ ბატონთა სასახლეები გარდაუვალი ამბოხების ტალღამ მოიცვა, და 1659 წლის თიბათვეში, საერთო სახალხო აჯანყებამ იფეთქა. ჩაუდგა ამ ჯანყს სათავეში ზაალ არაგვის ერისთავი, მისი ვაჟი ზურაბი,  შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები და კახეთის გამორჩეული თავადი ბიძინა ჩოლოყაშვილი. მოჰყვებოდნენ მათ მხარდამხარ  მთის თავისუფალ მებრძოლთა რაზმები  – თუშების, ფშავების და ხევსურების. ზეპირსიტყვიერი გადმოცემით, ერთ მთვარიან ღამეს, უჩუმრად და მოულოდნელად,  აჯანყებულთა ძალები ბახტრიონის ციხეს შემოეწყო. 1659 წელი საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი თარიღია, ბრძოლების შედეგად თითქმის სრულად განადგურდა მტრის მრავალრიცხოვანი გარნიზორები, ნაცარტუტად იქცა თავად ბახტრიონის ციხე. ამ აჯანყებამ თან წაიყოლა აურაცხელი გმირი მებრძოლის სიცოცხლე, მათ შორის აჯანყების ყველა მოთავე  მტრის ხელით მოწამეობრივად აღესრულა; მოგვიანებით კი ბიძინა ჩოლოყაშვილის, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავების სახელები სამუდამოდ შეუერთდა ქართული ეკლესიის წმინდანთა დასის სიას. მიუხედავად ასეთი დანაკარგებისა გადარჩა მთავარი იდეა, თავისუფლებისა და კახეთის იდენტობის შენარჩუნებისა. ბახტრიონი იმდენად შთამაგონებელი მოვლენა იყო, რომ მან მაშინვე გადაინაცვლა ქართულ ზეპირსიტყვიერ მითოსში, ლექსებსა და სიმღერებსა თუ ლიტერატურაში.  ხოლო  ალაზნისა და ილტოს შესართავთან, ბახტრიონის გორაზე,  დღემდე დგას რიყის ქვით ნაგები სამი კოშკის ნანგრევი, როგორც ნივთიერი მტკიცებულება,  მთელი ქვეყნის გადარჩენის ამბისა.   
ლეგენდარულ ბახტრიონის ციხესთან შედარებით უფრო თვალხილულად არის შემორჩენილი ციხეები, კოშკები და ფიქლით ნაგები სახლები, რომლებიც მერცხლის ბუდეებივით მიბჯენილა მთების ფერდობებზე, იქ სადაც არწივების სამფლოებელოა და იქ სადაც ახმეტის მიწების ზედა სართული – თუშეთის ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა მოთავსებული. 

თუშეთი, როგორც პიქტოგრამა

კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე შეფენილი თუშეთი ოდითგანვე დასახლებული იყო ქართველ მთიელთა ეთნოგრაფიული ჯგუფით – თუშებით. დროთა განმავლობაში, სხვადასხვა მიზეზებით, თუშმა მოსახლეობამ ბარში ჩამოსახლება დაიწყო და მათი დიდი ნაწილი დღეისთვის კომპაქტურად არის განსახლებული ზემო და ქვემო ალვანში; თუმცა, თუშები არ კარგავენ კავშირს ფესვებთან, და გაზაფხულ-ზაფხულობით მთა-თუშეთი მთლიანად ივსება მკვიდრი მოსახლეობით და ცოცხლდება მთებზე გაშენებული უნიკალური ქვის სამყარო. თუშეთის თვითმყოფადმა ბუნებამ უზარმაზარი გავლენა იქონია ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების სტილსა და იქ განვითარებულ კულტურულ მემკვიდრეობაზე. თუშური არქიტექტურისა და რელიეფის ერთიანობა იმდენად შერწყმულია ერთმანეთთან, რომ იშლება ზღვარი ადამიანისა და ბუნების მიერ შექმნილს შორის. თუშეთი ლანდშაფტური არქიტექტურის სამოთხეა.  მაგალითად მთის კალთებზე შეფენილი სოფელი დართლო მთლიანად გამოცხადებულია არქიტექტურულ ნაკრძალად. იგი თუშეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოფელია, რომლის ცენტრში დგას ეკლესია, იახსარის ხატის სალოცავი, წარმართულ-ქრისტიანული აკლდამისებური ორი ნაგებობა. სოფლის შუაგულში თავს იწონებს ორი პირამიდულსახურავიანი ციხე-კოშკი, სოფლის ბოლოზე კი შემონახულია უნიკალური არქიტექტურული ძეგლი – საბჭეო,  „ღია სასამართლო დარბაზი“,  წრეში მოქცეული 12 ქვის ნათალი სკამით, 12 ნაფიც-მსაჯულისათვის. ეს დართლოს ცნობილი ღია სასამართლოა, ბჭე–მოსამართლისთვის გამოყოფილი საპატიო მაღალზურგიანი სკამითა და სიმართლის „საფიცარი ქვით“. დართლოს საბჭეოს შექმნას XVI-XVII საუკუნეებს მიაწერენ. ეს ქვები ყვებიან თუშური სამართალწარმოების ისტორიას, რომ თუშეთში, სასიკვდილო განაჩენი არ გამოჰქონდათ, უმაღლესი სასჯელი თემიდან განკვეთა იყო. ასევე ცნობილია რომ საბჭეოს ათი წლის განმავლოაბაში ქალი ბჭე მოსამართლე განაგებდა. განსაკუთრებულია სოფელ დართლოში მზის ჩასვლის დრო, როდესაც მწვანე ველების ფონზე იწყებს ავარვარებას, სიპი ქვით დაფერილი სახურავები და ფიქლით ნაშენი სახლები. 
სოფელ მუზეუმს უმაგრებენ გვერდს მისი ძმობილი სოფლები, ფარსმა, გირევი და ჰეღო, ერთმანეთში მხარდამხარ გადაჯაჭვული სახლებით, წმინდა ნიშებით, თუ მიუვალ კლდეებზე  ჯიხვებივით შემჯდარი ურღვევი კოშკებით. მიუხედავად იმისა რომ თუშური კოშკები გვიან ფეოდალურ საუკუნეებშია ნაგები, გამჭრიახი თვალი იპოვის მათ კედლებში  ჩატანილ უძველეს ქვებს – პიქტოგრამებს. პიქტოგრამები მითოსური რწმენა-წარმოდგენების ამსახველი სიმბოლო-ნიშნები და კოსმოსის შესაქმის გამომხატველი სიუჟეტური ნახატებია. ეს უძველესი ქვები კიდევ უფრო მისტიკურ აურაში ხვევს, ისედაც ნისლებში ჩაძირულ  სამკვიდროს.
თუშეთის მიწებზე, ზღვის დონიდან 2345 მეტრზეა მოკალათებული ევროპის ყველაზე მაღალი სოფელი – ბოჭორნა; აღსანიშნავია კლდის ქიმზე წამომდგარი სოფელი დოჭუ, რომელსაც მწვერვალზე “ამოსულ” მეომართა სოფელს უწოდებენ. არანაკლებ პირქუში მცველი იყო ძველი დიკლოს ციხე. რომლის ნანგრევებშიც  გამოსჭვივის  მისი წარსული არქიტექტურული დიდება, როგორიც შეეფერებოდა, ქვეყნის უკიდურეს კარიბჭეს. სწორედ აქედან იწყება რუსეთთან ნეიტრალური ტერიტორია და მოსჩანს მისი წვერიდან დაღესტნის ფერდობები. 
საბოლოოდ კი თუშეთში ყველა გზა თავს იყრის კესელოს ციხეებთან. XVIII საუკუნეში, კლდოვან ბორცვზე აღმართული ციხე ნაშენია ფიქალით, მშრალი წყობით, გაწყობილია სათოფურებით, სარკმელებით და დამშვენებულია აღმოსავლეთის კედელზე ჩასმული მთის ბროლის ხუთი ქვით. გადმოცემით ჯერ კიდევ შამილისა და დიდი ლეკიანობის დროს მოსახლეობა ამ ციხეში იხიზნებოდა და იბრძოდა მისი კედლებიდან. კესელოს ციხე ადგას თავს მცველად თუშეთის ცენტრს – ისტორიულ სოფელ ომალოს.  
თუშეთი თავის კოშკებით, კლდეებზე შეფენილი სახლებით, ფიქალის და მწვანე ველების კონტრასტებით ერთ დიდ ქვის ნათალ ლოდს წააგავს, ზედ მოხატული ამოუცნობი ნიშნებით – რომელიც დროის მიღმა დარჩენილი პიქტოგრამასავით იდეალურად არის ჩასმული ახმეტის მთლიანი კულტურული მემკვიდრეობუის ქსოვილში.