ძალა ერთობაშია – დღეობები

ზეპირსიტყვიერი ტრადიცია ყოველთვის მოითხოვდა კარგ მთქმელს და კარგ გამგონეს; გაზიარების გარეშე ის ვერც საუკუნეებს გაუძლებდა და ვერც მრავალფეროვანი იქნებოდა. ახმეტაში განვითარებული კულტურა ყოველთვის ექსტროვერტული იყო. შესაბამისად, ამ კულტურის  არსი ეყრდნობოდა  ერთობლივად შექმნისა და გაზიარების იდეას, რაც საუკეთესოდ აისახებოდა სახალხო ღონისძიებებში. ფესტივალების, დღესასწაულებისა თუ ხატობა-დღეობების ტრადიცია, როგორც უწყვეტი ჯაჭვი, რეგიონში დღემდე გრძელდება. 

ალავერდობა

ნაყოფიერებასა და მოსავლის აღებასთან დაკავშირებული დღესასწაული, დაარსების დღიდან  ისეთივე გრადნიოზული გახდა, როგორც თავად ლეგენდარული, XI საუკუნეში ნაგები ტაძრის კედლები. დღეობა ალავერდის მონასტრის დამაარსებლის, იოსებ ალავერდელის სახელზე იმართებოდა. ერთ-ერთ ყველაზე გრძელი ქრისტიანულ დღესასწაული 29 სექტმებერს იწყებოდა და სრულ სამ კვირას გრძელდებოდა.  XVI საუკუნიდან ალავერდობა ჯვართამაღლებას დაუკავშირდა, როდესაც კახთა მეფე ლევანმა იერუსალიმიდან ალავერდში ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილი ჩამოაბრძანა. ამ ისტორიული მოვლენის შემდეგ ალავერდობამ კიდევ უფრო მასშტაბური სახე მიიღო. დღეობა გაჯერებული იყო სინკრეტული რწმენა-წარმოდგენებით, ქრისტიანული თუ წინაქრისტიანული ელემენტებით. მას ციკლური ხასიათი ჰქოდა და მოიცავდა თავს, შუასა და ბოლო ალავერდობას. ალავერდის ტაძრის ვრცელ ეზოში, თუ მის გარეთ, კავკასიონის თოვლიანი მწვერვალების ძირში, ალაზნის ველზე, დაახლოებით 15–20 ათასი ადამიანი იყრიდა თავს. მოდიოდნენ ღამის თევით მოსალოცად კახელები, ქართლელები, ინგილოელი ლეკები, სომეხი გრიგორიანელები, ლეკები, დიდოელები, ოსები, თუშები, ხევსურები, ფშავლები, ქისტები, კახეთში დამკვიდრებული თათრები. ქრისტიან და მაჰმადიან მლოცველებს მხარდამხარ მოჰქონდათ შესაწირი. ალავერდობა სრულდებოდა ხმაურიანი, თეატრალურ-რიტუალური წარმოდგენით, როდესაც ტაძრის ეზოში 200 – 300 ცხენოსანი თუში იკრიბებოდა და ომში დაღუპულთა სულებისათვის სამჯერ შემოუვლიდა ტაძარს. ისინი მთელს ხმაზე სწირავდნენ ‘დალაის’ სიმღერით. ეს წესი ეძღვნებოდათ თუშ მეომრებს, რომელბმაც 1659 წელს ცნობილ ბახტრიონის  ბრძოლაში ასახელეს სამშობლო. ალავერდობის დროს ასევე იმართებოდა დიდი ბაზრობა. ტაძრის ეზოს გარეთ მოედანი იყოფოდა ქუჩებად, იდგმებოდა დუქნები, დახლები ივსებოდა სამრეწველო, მესაქონლეობისა და მიწათმოქმედების პროდუქტებით. თუშების დახლებზე ჩნდებოდა ჭრელ-ჭრელი ჩითები და ფარდაგები, ედებოდა ქუჩებს მთიდან ჩამოტანილი გუდის ყველის სუნი; ფშავლების დახლებზე ისმოდა გასაყიდი იარაღის ღრჭიალი; ხევსურების მიერ ჩამოყვანილი საქონელი რეკდა ზანზალაკებს; ქუჩებში სომეხ ვაჭრებს დაჰქონდათ გასაყიდად ტკბილეული, ტყავის ჩექმები, თბილი ტანსაცმელი და მრავალი ევროპული საქონელი. ფეთქვადა ალაზნის ველი, როგორც ერთი გული, საქართველოსი, სხვადასხვა ხალხების, რელიგიებისა და დოვლათის ფერებით.

ახმეტის მუნიციპალიტეტი ასევე მასპინძლობს ისეთ ფესტივალებს, როგორიც არის „ზეზვაობა“ – ფარდაგების გამოფენა თუ “ლექსობა-კაფიაობა ილტოს პირას” – პოეზიის ფესტივალი, რომლის მიზანია ხალხური ტრადიციული ლექსობა-კაფიაობის კონსერვაცია და პოპულარიზაცია. „პანკისობა“ ზაფხულობით სოფელ დუისში იმართება, სადაც წარმოდგენილია ადგილობრივი ოსტატების უნიკალურ ნამუშევრები, ასევე  პანკისურ ყველი, თაფლი, და რაც ყველაზე საინტერესოა, ეწყობა ხეობისთვის დამახასიათებელი სპორტული შეჯიბრებები და ადგილობრივი ანსამბლების მუსიკალური პერფორმანსები.  სოფელ მატანში შემორჩენილია ძველი დროის დღესასწაული „ყეენობა“ – თეატრალიზებული სანახაობა, რომელიც იმართება დიდი მარხვის დაწყების დღეს და მასში თითქმის მთელი სოფლის მოსახლეობა იღებს მონაწილეობას. სოფელ მატანთან ასოცირდება კიდევ ერთი დღესასწაული – ‘’ქაქუცობა“, რომელიც, მატანის მკვიდრის და საქართველოს გმირის, ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის სახელს უკავშირდება. ქაქუცა ჩოლოყაშვილი ოფიცერი იყო, რომელიც 1921 წელს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, სათავეში ჩაუდგა ქვეყნის მთავარ პარტიზანულ მოძრაობას. მის მეამბოხეთა რაზმს „შეფიცულთა რაზმი“ ეწოდა, რადგან ფიცი ჰქონდათ დადებული, მთელს ცხოვრებას ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში გაატარებდნენ. ქაქუცა ჩოლოყაშვილი საფრანგეთში, დევნილობაში გარდაიცვალა 1930 წელს. მისი სახელი, რომელიც საბჭოთა ხელისუფლების მიერ რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ამოშლილი იყო საქართველოს ისტორიიდან,  ახალ სიცოცხლეს იძენს 1980 იანი წლებიდან, როდესაც იწყება საქართველოს დამოუკიდებლოვისთვის ბრძოლის ახალი ტალღა. მისი ნეშტი სამშობლოს 2005 წელს დაუბრუნდა, და თბილისში, მთაწმინდის პანთეონში განისვენებს. ხოლო მის მკვიდრ, ახმეტის მიწებზე, ყოველ 14 ივლისს,  ქაქუცას დაბადების დღეს, ახმეტა და მატანი მთელ საქართველოსთან ერთად ეროვნული გმირის დღეს ზეიმობს. 

ათნიგენობა

სანამ საშემოდგომო სამუშაოების დრო დადგება, თუშეთი ზაფხულს საკულტო დღეობების ციკლით აცილებს, რომელსაც ათნიგენობა ეწოდება. ამ დღეობათა წრე-ბრუნვა აღდგომიდან მეასე დღეს იწყება და ორი კვირა გრძელდება. გარკვეული კალენდარული თანმიმდევრობით, თითოეული თუშური სოფლის მთავარ ჯვარში ტარდება ხატობა. მთაზე შეფენილი ფიქლით ნაშენი კოშკები და საცხოვრებლები ივსება ხალხით, ჩამოდიან ქალაქიდან, უცხოეთიდან და ავსებენ მამაპაპისეულ კარმიდამოებს. ხატობამდე ერთი წლით ადრე, კენჭისყრით არჩეულია ჯვრის ყმა –  ათნიგენობის მასპინძელი ,,შულტა’’.  ეს პატივი ნებისმიერი თუშისთვის განუზომელია. საათნიგენოდ რამოდენიმე დღით ადრე, შულტა ,,შემოჰკიდებს ქვაბებს’’ და ხარშავს ალუდს – საკრალურ სასმელს. შენობა, სადაც განსაკუთრებული წესით იხარშება ალუდი, ასევე საკრალურია. იწყება ათნიგენობის  სარიტუალო ცერემონიები, რომლებსაც უძღვება ,,ხელოსანი’’ – ჯვრის მსახური. მხოლოდ მას აქვს მინიჭებული უფლება, ,,გამოაბრძანოს’’ ჯვარის დროშა და ზარების ჟღრიალით აცნოს მთელს სამყაროს ათნიგენობის დაწყება. შემდეგ ხელოსანი დაამწყალობებს საყმოს, ჯვრის ყველა სტუმარს. ,,წყალობდესო’’- ო სამჯერ შემოსძახებენ დამსწრე მამაკაცები, და ეს შეძახილი ისეთი ძლიერია, რომ გაისმის ექოდ მთელ ხეობებსა და ხევებში. იწყება სუფრა და პურ-მარილობა. რომელზეც გარკვეული წესით  და რიგით ხელოსანი წარმოთქვამს სადღეგრძელოებს.  სუფრას არც მუსიკა და არც ცეკვა არ აკლია. თუმცა ათნიგენობა არაფერია ნამდვილი, ფეხმაგარი, სწრაფი ცხენების დოღის გარეშე.  დღეობა უძველესი ,,ქორბეღელას გაკეთებით’’ სრულდება. ხუთი მამაკაცი მხარ – მხარ გადახვეული დადგება წრეში და მათ მხრებზე შეადგება სხვა ხუთი. ასე, წაღმა ტრიალით ააქვთ ქორბეღელა საჯარედან (თავმოყრის ადგილიდან) ჯვარისკარამდე (ხატამდე). აქაც სამჯერ შემოტრიალდებიან და ქორბეღელას დაშლიან. პურობის შემდეგ კი თუში კაცები, ქალები, ბავშვები, თავით ეშვებიან კიდევ უფრო ძველი დროის რიტუალურ სამყაროში, რომელსაც თამაშობანი ეწოდება. ამ თამაშების არსი დღემდე ლეგენდებითა და მითებით არის გარემოცული. ასევე უამრავ კითხვას იწვევს მათი სახელწოდებები, იქნება ეს ქუდიკერიაობა, გოხის რეკება, ნისხა-ნისხა ბარბალუკა, თუ დამაგვირგვინებელი ,,ჩათარაობა’’ – ქალებისა და მამაკაცების ურთიერთ – შებრძოლების, ტყვედ აყვანისა და გამოსყიდვის ცერემონიალი. მთლიანობაში თუშური ათნიგენობა ქართული ხელოვნების განუმეორებელ და გაუშიფრავ ფესტივალს წარმოადგენს.

თუკი აღნიშნული დღეობები ხალხმრავლობის, სოციალიზაციისა და გაზიარების მემკვიდრეობაა, მის საპირწონედ თუშეთის მთებში საუკუნეების განმავლობაში ჩაისხა კიდევ ერთი ტრადიცია, რომელიც, პირიქით, მარტოობაში გასავლელი გზაა სამყაროს შესაცნობად.