გაერთიანებული ფერების სამეფო – ეთნოგრაფიული საგანძური
ახმეტის მიწებზე ბუნება და ადამიანი ოდითგანვე ჰარმონიაში თანაცხოვროვდა, ასევე ორგანულად ერწყოდა ერთმანეთს მთისა და ბარის ცხოვრების წესი. ადგილობრივ კახ მოსახლეობასთან ერთად წონასწორობაში თანაარსებობდა რეგონში შემოსული სვადასხვა ეთნიკური ჯგუფი, მათივე მომყოლი ჩვეულებითი კულტურით. ეს პროცესი განსაკთრებით გაძლიერდა XIX საუკუნეში, როდესაც კავკასიაში ხალხების მასშტაბური, სტიქიური გადაადგილებები დაიწყო. მთის რთულ რელიეფს გამორიდებულმა ეთნო ჯგუფების დიდმა ნაწილმა თავი ახმეტის მიწებზე მოიყარა და კახეთის ამ ნაწილს სრულიად ახალი ეთნიკური შეფერილობა მისცა. კონტრატების ამგვარი დიალოგით, რეგიონში მუდმივად იქმნებოდა ინდივიდუალიზმით გაჟღენთილი, ცოცხალი, მსუნთქავი, ეთნოგრაფიული საგანძური – ხალხური ხელოვნება. შესაბამისად დღეს ახმეტაში, გარდა ხელშესახები ქვაში ნათალი მატერიალური მემკვიდრეობისა, ცოცხლობს არანაკებ ძვირფასი, არამატერიალური მემკვიდრეობა: ადათ-წესები, ჩვეულებები, ზეპირსიტყვიერების ნიმუშები- ლექსები, ლოცვები, ლეგენდები, ჯვარ-ხატთა სადიდებლები; თუშური ფოლკლორი – ბალადები, მელოდიები, მუსიკა, ხალხური სიმღერები, ცეკვები; სახალხო ტრადიციები: თამაშობანი, დღესასწაულები და ხატ-დღეობები, ასევე, სრულიად უნიკალური მეცხვარეობის ტრადიცია, მრავალგემოიანი სამზარეულო და, რა თქმა უნდა, ღვინის წარმოების ხელოვნება. ეს თვითმყოფადი არამატერიალური მემკვიდრეობა საშუალებას აძლევს თითოეულ ადამიანს, ვინც ერთხელ მაინც დადგამს ფეხს ახმეტის მიწებზე, არა მხოლოდ პასიურად დაათვალიეროს ისტორიული ძეგლები და თვალწარმტაცი ბუნება, არამედ თანამონაწილე და ზიარი გახდეს საუკუნეებგამოვლილი ხელშეუხებელი კულტურისა, შეიგრძნოს და სამუდამოდ წაიღოს თან თავის წილი ახმეტა.

კედლებში შემონახული ეთნოგრაფია
ახმეტის მუნიციპალიტეტში სამი მუზეუმი ფუნქციონირებს. ისინი, თავისი უნიკლაური ექსპოზიციების წყალობით, ნათლად წარმოაჩენენ რეგიონში შექმნილი ეთნოგრაფიული საგანძურისა და ხალხური ხელოვნების კასკადს. ახმეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი – 17 ათასზე მეტ ექსპონატს ინახავს თავის საცავებში მთელი მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან, იქნება ეს, მიუვალი სოფლებიდან წამოღებული უნიკალური ეთნოგრაფიული მასალა, საყოფაცხოვრებო ნივთები, ხალიჩა-ფარდაგები, თუ თუშური სამოსელი და აქსესუარები. სოფელ დუისში, პანკისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში თავმოყრილი არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული არტეფაქტები ზედმიწევნით კარგად აღწერენ ამ განსაკუთერებული ხეობის სულისკვეთებას და ცხოვრების წესს. ხოლო, სოფელ ქისტაურში, თავს იწონებს რაფიელ ერისთავის სახლ-მუზეუმი. ამ პატარა კახურ სოფელში დაარსებული სახლ-მუზეუმი კარგად გადმოსცემს XIX საუკუნის გარდატეხების ეპოქის არსს. ახმეტის გამორჩეული შვილი – რაფიელ ერისთავი იყო საქართველოს სახალხო პოეტი, დრამატურგი, ისტორიკოსი და ეთნოგრაფი, რომლის მხატვრულმა თუ მეცნიერულმა შემოქმედებამ წარუშლელი კვალი დატოვა როგორც ქართულ მწერლობაზე, ასევე საზოგადო ცხოვრებაზე. წლების მანძილზე რაფიელ ერისთავის სახლი ლიტერატურის მოყვარულთა თავშეყრის შეუცვლელ ადგილს წარმოადგენდა. ამ სახლს ხშირად სტუმრობდნენ დიდი ქართველი მწერლები და მოღვაწეები ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ალექსანდრე ყაზბეგი. ერისთავების სახლში გამართულმა ქართული ზეპირსიტყვიერების საღამოებმა, პოეტურმა თავყრილობებმა თუ გლეხებთან ერთად გამართულმა შაირობებმა წარუშლელი კვალი დააჩნია მთელს რეგიონს, ქისტაური კი გახდა ერთგავრი ხელოვნების ცენტრი, სადაც ისმოდა ხალხური შემოქმედების მაჯისცემა. ეს განწყობა დღესაც მძლავრად იგრძნობა სახლ-მუზეუმის კედლებში მოწყობილ ექსპოზიციებსა თუ აურაში.

პირველად იყო სიტყვა – ზეპირსიტყვიერება
ალაზნის გადაშლილ მდელოებსა და კავკასიონის თოვლიან მწვერვალებს შორის მოქცეულ ახმეტის მიწებზე ძირძველ ქართულ ენასთან ერთად, შეწყობილად ჟღერდებოდა წოვა თუშური ენა, ქისტური მეტყველება (ჩეჩნურის სხვადასხვა კილოკავების ნარევი), თუშური დიალექტი, ოსური და სხვა არაერთი ჩაგვირისტებული კილო და კავი. ეს ენები ზარებივით ეხმაურებოდნენ ერთმანეთს და აცოცხლებდნენ უნიკალურ ზეპირსიტყვიერ სამყაროს, რომელიც უამრავი ფორმითა და მედიუმით უყვებოდა ქვეყანას ამ მიწებზე დატრიალებულ ისტორიას. ლოცვები, შელოცვები, სარიტუალო დატირებები, წარმართულიც და ქრისტიანულიც, ჯვარ-ხატთა სადიდებლები, ლეგენდები დევებზე, მითიურ არსებებზე თუ გმირებზე დღემდე დაცულია და ცოცხლად გაისმის. თუმცა ეს ზეპირსიტყვიერი სამყარო ვერ იქნებოდა სრულყოფილი, საბოლოოდ სულისშემძვრელ მელოდიებად და ხალხურ სიმღერებად რომ არ გარდასახულიყო. დღეს ამ უნიკალურ ჰანგებს რეგიონის ფოლკლორული ანსამბლები, სახელოვნებო და მუსიკალური სახლები კურირებენ, მაგრამ საუკუნეების განმავლობაში, ეს სიმღერები ჩვეულებრივ ახმეტურ ოჯახებში გაისმოდა და გადაეცემოდა თაობიდან თაობას. სხდებოდნენ უხუცესები ხის მოწნულ აივნებზე, ან სოფლებში შუაცეცხლის გარშემო და ამღერებდნენ სევდიან ბალადებს, ან პირიქით ცეცხლოვან სიმღერებს, ცეკვავდნენ გოგოები და ბიჭები ცეცხლის გარშემო; შემდეგ კი იწყებოდა ფანდურის საღამო. ამ ჯადოსნური ინსტრუმენტის ჟღერადობით შეეძლოთ გამოეხატათ ჯარის ხმა – მტრის შემოსევის დროს, ტირილის ხმა, ან თამაშობის ხმა, მეტიც, ფანდურზე შამილის დაჭერის ხმაც კი შეეძლოთ განესახიერებინათ, რომელზეც ამბობდნენ ,,შამილი ჯავრობს”- ო. ამ ხმების იმიტაცია ჭაინურზეც სრულდებოდა; მეცხვარის მარტოობის ან სევდიანი ამბების მოსაყოლად, როგორც წესი სალამურსა და სტვირს აჟღერებდნენ. თუშეთში, მთების ექოს გარმონის ხმა ერწყმოდა, რომელსაც თუშმა ქალებმა ვირტუოზულად შეუთავსეს თუშური სიმღერები. დაბლა, პანკისის სოფლებში კი, მღეროდნენ ქისტები დაბალ, ბარიტონ ხმებზე ქისტურ საგმირო სიმღერებს და უკრავდნენ ჩეჩნურ სამსიმიან ფონდარზე; ალაზნის პირას გაშენებულ სოფლებში კი იწყებოდა მრავალხმიანი მრავალჟამიერი, და ეფინებოდა ჯერ ახმეტის მიწებს, შემდეგ მთელს ქვეყანას, როგორც მუდმივი სიცოცხლის ხმა.